აშშ-ის ფედერალურმა კომუნიკაციების კომისიამ Skydance-ისა და Paramount-ის $8-მილიარდიანი შერწყმის ნებართვა გასცა. ამერიკულმა მარეგულირებელმა Skydance-ს Paramount-ის შესყიდვის უფლება იმ პირობით მისცა, რომ ის თანამშრომლების დაქირავების, დაწინაურების, განვითარებისა და სახელფასო მიმართულებით DEI-პოლიტიკას გააუქმებს.
Variety-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება მომდევნო კვირებში საბოლოოდ დაიხურება და ადგილობრივი სატელევიზიო სადგურის ლიცენზიას CBS-ი Skydance-ს გადასცემს. შეთანხმების მიხედვით, Skydance-ის CBS-ის სამაუწყებლო ტელეარხებზე, Paramount Pictures-სა და Nickelodeon-ზე მოიპოვებს კონტროლს.
აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, ბრენდან კარის ინფორმაციით, Skydance-ის მიზანი დივერსიფიცირებული ახალი ამბებისა და გასართობი პროგრამების შექმნაა, რისთვისაც კომპანია Paramount-ის ოპერაციებში, მათ შორის ადგილობრივ მაუწყებლობაში $1.5-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიების შეწყმას აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიის სამეთვალყურეო საბჭომ 2 ხმით დაუჭირა მხარი, ერთის წინააღმდეგ, რომელიც ჯო ბაიდენის დანიშნულ წარმომადგენელ ანა გომესს ეკუთვნოდა. მისი განმარტებით, ერთ დროს თავისუფალი კომუნიკაციების კომისია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ მოექცა და კომპანიების შერწყმის უფლება გასცა, რაც პრესის თავისუფლებას კიდევ უფრო შეზღუდავს. ანა გომესის განცხადებით, აღნიშნული გარიგებისათვის ნებართვის მიცემა მხოლოდ დასაწყისია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე თავდასხმისა.