მარეგულირებელი კომისიები მაშინ მუშაობენ გამართულად, როდესაც მათი გადაწყვეტილებებით არც მომხმარებლები არიან დიდად კმაყოფილნი და არც კომპანიები. ასეთია სემეკის ბედიც. რთულია უხელმძღვანელო ორგანიზაციას, რომელსაც, ძირითადად, აუცილებელი და მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს საზოგადოების ფართო ფენებში ხშირად არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს. ჩვენ სემეკის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას ვესაუბრეთ.
რა ცვლილებებსა და პრობლემებზე იმუშავა სემეკმა 2017 წელს სატარიფო პოლიტიკის მიმართულებებით?
კომისიის საქმიანობაში 2017 წელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტიური პერიოდი იყო როგორც სატარიფო რეგულირების კუთხით, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში კომისიის ახალი რეგულაციების ამოქმედების მიმართულებით. 2017 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის სექტორში კომისიამ ბოლო 11 წლის მანძილზე პირველად დაადგინა ტარიფები სამი მსხვილი გამანაწილებელი კომპანიისათვის. ახალი ტარიფების დადგენამდე შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ განაწილების არეალში ჯამში 51 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებდა. განსხვავებულ ტარიფებს განაპირობებდა გამანაწილებელს ქსელზე მიერთების პერიოდი, ასევე ბუნებრივი გაზის მიწოდება/განაწილების განსხვავებული დანახარჯები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში. გადათვლის შედეგად კომპანიებს დაუწესდათ ერთიანი ტარიფები, რომლებიც მხოლოდ გონივრულ ხარჯებს ითვალისწინებს და სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება. ამ მიდგომის სამართლიანობას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ ერთი კომპანიის ერთი კატეგორიის მომხმარებლები მოხმარებული ბუნებრივი გაზისათვის გადაიხდიან ბუნებრივი გაზის ერთ სამომხმარებლო ტარიფს, მიუხედავად გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პერიოდისა და ადმინისტრაციული ტერიტორიული ერთეულის კუთვნილებისა.
რა სახის ცვლილებები განხორციელდა ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე წელს?
წელს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა ელექტროენერგეტიკის სექტორში – სს „ენერგო პრო ჯორჯიამ“ შეისყიდა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“, რომელიც წლების განმავლობაში გაკოტრების რეჟიმში იმყოფებოდა. ამ რეჟიმში ხანგრძლივად ყოფნამ რთული მდგომარეობა შექმნა კახეთის რეგიონის უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგების კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას საჭიროებს. ბუნებრივია, გაკოტრების რეჟიმში მყოფი საწარმო უუნაროა, ერთდროულად მოემსახუროს კრედიტორულ დავალიანებებს და მოიზიდოს ფინანსური რესურსები სამომავლო ინვესტიციების განსახორციელებლად. ამ ფონზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის” აქტივების შესყიდვით მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პრობლემები მოკლე დროში იქნება დაძლეული. სს „ენერგო პრო ჯორჯიამ” უკვე წარმოადგინა კომისიაში შესათანხმებლად კომპანიის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს, მათ შორის, კახეთის რეგიონში განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებსაც. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, მსგავსად ელექტროენერგეტიკული სექტორისა, თბილისსა და რეგიონებში წყალმომარაგების საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომხმარებელთა სასმელი წყლის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია შეითანხმებს წყალმომარაგების კომპანიების მიერ წარმოდგენილ წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარების სამწლიან გეგმებს, რომელთა ფარგლებშიც მოხდება წყალმომარაგებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია/გაუმჯობესება. განვითარების გეგმებთან დაკავშირებული ნორმატიულმა ცვლილებებმა ბუნებრივად მოიტანა არსებულ სატარიფო მეთოდოლოგიებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. შესაბამისად, 2017 წელს სატარიფო მეთოდოლოგიებში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ელექტროენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიებისათვის 2018 წლიდან ტარიფები დადგინდება სამწლიან პერიოდზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ კომისიაში, ტარიფების ყოველწლიური დათვლის შედეგად, უკვე შეიქმნა სარწმუნო ისტორია კომპანიების გონივრული საოპერაციო დანახარჯების თაობაზე. იმდენად, რამდენადაც მოხდება კომპანიების მომავალი სამი წლის საინვესტიციო პროექტების შეთანხმებაც, ასევე შესაძლებელი გახდება კაპიტალური დანახარჯების მაქსიმალური სიზუსტით პროგნოზირება ტარიფში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სამწლიანი ტარიფები საკმარის სტიმულს შეუქმნის კომპანიებს იმისათვის, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეუფერხებლად განახორციელონ რეგულირებადი საქმიანობა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი. ტარიფების გადათვლა სამ წელზე ადრე მოხდება მხოლოდ მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, როგორიც არის ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება და სხვა.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით რა სიახლეები იყო 2017 წელს?
2017 წელი კომისიამ გამოაცხადა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წლად, რაც გულისხმობდა კომპანიების მიერ მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებულ ხარისხზე ორიენტირებული პროექტების შექმნას, მოქალაქეთა ინფორმირების გაზრდას მათი უფლებების შესახებ. 2017 წელს კომისიამ ჩაატარა ასზე მეტი საჯარო სხდომა, რომელთა ფარგლებშიც განიხილებოდა მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიმართ. საჩივრების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა და 2017 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამში, მომხმარებლებისათვის ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 3 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა. განხორციელდა „მისტიკური მომხმარებლის“ პროექტი, რომელმაც გამოავლინა კომპანიების მიერ მომხმარებელთა მომსახურებაში არსებული ხარვეზები. უნდა აღვნიშნო, რომ ენერგეტიკის სექტორში „მისტიკური მომხმარებლის“ პროექტი პირველად განხორციელდა. 2017 წელს კომისიის მიერ დამტკიცდა „მომსახურების კომერციული ხარისხის წესები“, რაც, ვფიქრობ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. აღნიშნული დადგენილების თანახმად, საწარმოები, მათ შორის წყალმომარაგების ლიცენზიატები, ვალდებულნი არიან აწარმოონ ელექტრონული ჟურნალი. ელექტრონული ჟურნალი არის კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამული პროდუქტი, რომლის მეშვეობითაც კომისია რეალური დროის რეჟიმში ახორციელებს კონტროლს კომპანიების მიერ ზემოხსენებული წესების შესრულებაზე.
„Doing Business 2018“-ის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველო ცხრა პოზიციით დაწინაურდა და 39-ე ადგილიდან 30-ე ადგილზე გადაინაცვლა. რა როლი ითამაშა ამ რეიტინგების განსაზღვრაში მარეგულირებელმა კომისიამ?
ელექტროენერგიის მიღების ინდექსით საქართველოს პოზიციების დაწინაურებაში კომისიის მიერ გატარებულ რეფორმებს გადამწყვეტი როლი ჰქონდა. კერძოდ, სემეკის რეგულაციებით, გამარტივდა გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების პროცედურები, შემცირდა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამივე რეგულირებად სექტორში ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში მომხმარებლის სასარგებლოდ ქსელზე მიერთების საფასური ნახევრდება, ელექტროენერგეტიკულ სექტორში – ვადების განმეორებითი დარღვევისას საფასური ნულდება, მომდევნო ჯერზე დაფიქსირების შემთხვევაში კი კომპანია ვალდებულია, მომხმარებელი კომპენსაციით დააკმაყოფილოს.
რამდენადნაყოფიერიიყოსემეკისმუშაობა 2017 წელსგანახლებადიენერგიისკუთხით?
მოგეხსენებათ, კომისიამ საზოგადოებას განახლებადი ენერგიების საყოფაცხოვრებო პირობებში ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობა შესთავაზა. ზოგადად, საქართველო განახლებადი ენერგიებით მდიდარი ქვეყანაა და ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავების უდიდესი წილი ელექტროენერგიის მთლიან წარმოებაში სწორედ განახლებად ენერგიებზე მოდის. მოგეხსენებათ, რომ ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია დაახლოებით 85%-ია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განახლებადი ენერგიების გამოყენების თემა ახალი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, მის განვითარებას ხელშეწყობა სჭირდება. „ნეტო აღრიცხვის“ ახალი რეგულაციები, რომლებიც გულისხმობს საყოფაცხოვრებო პირობებში ელექტროენერგიის გამომუშავებას განახლებადი ენერგიების გამოყენებით და ჭარბად გამომუშავების შემთხვევაში, გამანაწილებელი კომპანიისათვის მისი მიყიდვის შესაძლებლობასაც კი, საზოგადოებაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. მსგავსი სახის პროექტების განხორციელება ეფექტიანია როგორც მეწარმეებისათვის, ასევე საკუთარ სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებში. დონორი ორგანიზაციების მიერ „ნეტო აღრიცხვის“ რეგულაციების გამოყენებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაფინანსდა და განხორციელდა. კომისია აგრძელებს ამ კუთხით მუშაობას.
საქართველო 2016 წელს გახდა ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი და აქტიურად დაიწყო ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების დანერგვა. რა ეტაპზეა დირექტივების განხორციელება?
ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ენერგეტიკის სექტორისათვის უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო აქტზე – ენერგეტიკის შესახებ კანონზე, რომელიც დაფუძნებული იქნება ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებსა და რეგულაციებზე. ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community) ექსპერტები აქტიურად არიან ჩართულნი კანონპროექტის შემუშავების პროცესში. ახალი კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალე და თავისუფალ ენერგეტიკულ ბაზარს როგორც საცალო, ისე საბითუმო დონეზე; ხელს შეუწყობს კონკურენციის განვითარებას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ენერგიაზე ფასების შემცირების წინაპირობაა.
როგორია კომისიის 2018 წლის გეგმები?
2018 წელს კომისია სრულიად ახალ და განსხვავებულ პროექტებს შესთავაზებს საზოგადოებას. ეს იქნება როგორც კომისიის ახალი იმიჯი, ასევე მოდერნიზებული მიდგომები რიგ საკითხებთან მიმართებით. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რომ საზოგადოება ჩვენი გადაწყვეტილებების თანამონაწილე გახდეს. შეიქმნება პლატფორმა, სადაც წარმოდგენილი იქნებიან კომისიის საქმიანობით, სექტორების განვითარებით დაინტერესებული პირები. ეს იქნება საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობებით დატვირთული წელი, უზრუნველყოფილი კიდევ უფრო გამარტივებული კომუნიკაციით. განხორციელდება ერთიანი საინფორმაციო კამპანიები ტარიფების კალკულაციის, რეგულირებადი სექტორების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიმართულებებით. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ახალი გამოწვევებისათვის, რომლებიც კიდევ უფრო ზუსტად გაზომავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების მაჯისცემას.