მარკ ცუკერბერგი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მე-4 პოზიციაზე დაბრუნდა

მარკ ცუკერბერგი Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში მე-4 პოზიციაზე დაბრუნდა

ფოტო: Chris Unger/Zuffa LLC via Getty Images

 

Forbes-ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი, მე-4 პოზიციაზე დაბრუნდა. 29 იანვრის მონაცემებით, ცუკერბერგის ქონება $22 მილიარდზე მეტითაა გაზრდილი, რაც Meta-ს აქციების ღირებულების მატებას უკავშირდება.

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 10.2%-ით გაიზარდა და $737-ს გადააჭარბა. ეს აქციების ღირებულების ყველაზე დიდი დღიური ზრდაა 2025 წლის ივლისში დაფიქსირებული 11%-იანი მატების შემდეგ. შედეგად, ცუკერბერგის ქონება ერთ დღეში 9.7%-ით, $251.7 მილიარდამდე გაიზარდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა Forbes-ის მილიარდერთა სიაში მეოთხე პოზიციის დასაბრუნებლად. მოგვიანებით, ცუკერბერგის ქონება მცირედით კიდევ გაიზარდა და უახლესი მონაცემებით, $252.9 მილიარდს შეადგენს.

Meta-ს აქციების ღირებულების მატება კომპანიის მიერ ფინანსური შედეგების გამოქვეყნებას მოჰყვა. FactSet-ის მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში ტექნოლოგიურმა გიგანტმა $59.8 მილიარდის შემოსავალი და აქციაზე $8.88-ის მოგება მიიღო, რაც წლიურ ჭრილში, შესაბამისად, 24%-იანი და 11%-იანი ზრდაა. შედეგად, Meta-მ გადააჭარბა Wall Street-ის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც $51.2 მილიარდის შემოსავალსა და აქციაზე $8.21-ის მოგებას ვარაუდობდნენ.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი უმდიდრესი ადამიანი, დაახლოებით $765 მილიარდის ქონებით, ილონ მასკია. მას მოჰყვებიან Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი ($276.5 მილიარდი) და სერგეი ბრინი ($255 მილიარდი). ხუთეულს, შესაბამისად, მარკ ცუკერბერგი და Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ($252 მილიარდი) ასრულებენ.