SoftBank Group-ის აქციების ფასი სამშაბათს მკვეთრად დაეცა, რამაც მისი დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, მასაიოში სონის ქონების დაახლოებით 5 მილიარდი დოლარით შემცირება გამოიწვია. Google-ის ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის Gemini 3-ის მიმართ ინვესტორების გაზრდილმა ენთუზიაზმმა SoftBank Group-ის მიერ ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ზე დიდი ფსონი ეჭვის ქვეშ დააყენა.
SoftBank-ის აქციების ღირებულება 25 ნოემბერს თითქმის 11%-ით დაეცა, შემდეგ კი ოდნავ აღდგა 15,390 იენამდე (98.5 აშშ დოლარი), რაც წინა სავაჭრო სესიის დახურვასთან შედარებით 9.95%-ით ნაკლებია.
როგორც აღვნიშნეთ, აქციების ფასის ვარდნა OpenAI-ზე Softbank-ის Vision Fund-ის მიერ დადებული ფსონის მართებულობაში დაეჭვებამ გამოიწვია. ChatGPT-ის შემქმნელის ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე დომინირების შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც Google-მა გამოუშვა Gemini 3 მოდელი, რომელმაც დადებითი შეფასებები მიიღო.
ამ თვის დასაწყისში საინვესტიციო სფეროს გიგანტმა განაცხადა, რომ ოქტომბერში Nvidia-ში თავისი 32.1 მილიონი აქცია 5.83 მილიარდ დოლარად გაყიდა, რათა ხელოვნური ინტელექტის სხვა ძირითადი ფსონები, მათ შორის OpenAI, დაეფინანსებინა.









