მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ გასულ კვირას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტს ნანობს, რადგან, მისივე თქმით, ისინი ძალიან ზედმეტი იყო.
„ვნანობ გასულ კვირას ჩემს ზოგიერთ პოსტს დონალდ ტრამპის შესახებ. ისინი ძალიან ზედმეტი იყო“ — წერს მილიარდერი X-ზე.
შეგახსენებთ, ილონ მასკსა და დონალდ ტრამპს შორის სოციალურ მედიაში დაპირისპირება მას შემდეგ გაჩაღდა, რაც მასკმა ტრამპის ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობა დატოვა. ის, თითქმის ხუთი თვის განმავლობაში, სპეციალურად შექმნილ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა.
თანამდებობის დატოვების შემდეგ მასკმა ტრამპის შესახებ ბრალდების შემცველი და უკმაყოფილების გამომხატველი არაერთი პოსტი გამოაქვეყნა, მათ შორის განაცხადა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპსტინის საქმეში ფიგურირებს.
ილონ მასკის პოსტების პასუხად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მილიარდერით „ძალიან იმედგაცრუებული“ იყო და მათ შორის არსებული „შესანიშნავი ურთიერთობის“ სამომავლო პერსპექტივაც ეჭვქვეშ დააყენა. თავის მხრივ, მასკმა ტრამპს „უმადური“ უწოდა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებში მის გავლენაზეც ისაუბრა. „ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატები წარმომადგენელთა პალატას გააკონტროლებდნენ“, – დაწერა მასკმა X-ზე.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი კამპანიაში ტრამპის მთავარი დონორი იყო. რესპუბლიკელთა კანდიდატისა და ამჟამინდელი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მასკმა $250 მილიონზე მეტი დახარჯა.
აღსანიშნავია, რომ მასკმა პლატფორმა X-ის ერთ-ერთ მომხმარებლის პოსტიც გადააზიარა, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვდა და მას დაეთანხმა: „პრეზიდენტი თუ ილონი? რომელი გაიმარჯვებს? მე ფსონს ილონზე ჩამოვდივარ. ტრამპის იმპიჩმენტი უნდა მოხდეს და ის ჯეი დი ვენსმა უნდა შეცვალოს“.