მასკის SpaceX-ი მისსავე xAI-ში $2-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს - WSJ

მასკის SpaceX-ი მისსავე xAI-ში $2-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს - WSJ

Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ილონ მასკის კოსმოსურმა კომპანიამ SpaceX-მა, ხელოვნური ინტელექტის მისივე კომპანია xAI-ს მიერ გამოცხადებულ $5-მილიარდიან საინვესტიციო რაუნდში, $2 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელების შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული გადაწყვეტილება მასკის კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მცდელობაა, რათა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ხელოვნური ინტელექტის კომპანიამ OpenAI-ს კონკურენცია გაუწიოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ილონ მასკის კომპანიები, X-ი და xAI გაერთიანდა და კომპანიების ერთობლივი ღირებულება $113 მილიარდად შეფასდა. xAI-ს ჩატბოტი Grok-ი ამჟამად Starlink-თან გახლავთ ინტეგრირებული, მომავალში კი მისი Tesla-ს Optimus-ის ტიპის რობოტებში ინტეგრაცია იგეგმება. ილონ მასკი xAI-ს შექმნილ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტ Grok-ს სამყაროში ყველაზე ჭკვიან ტექნოლოგიას უწოდებს.

ბოლო პერიოდში ტექნოლოგიურ სამყაროში არსებული ხელოვნური ინტელექტის სექტორის განვითარების ტემპის გათვალისწინებით, ილონ მასკისათვის აღნიშნული ტექნოლოგიის ათვისება და მისი კომპანიებისთვის კონკურენტუნარიანი ხელსაწყოების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდა. სწორედ ამ მიზნით, xAI-მ ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე საინვესტიციო რაუნდი გამოაცხადა.

ილონ მასკმა კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა Tesla-ს მიერ xAI-ში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივა, უპასუხა, რომ ეს კარგი იქნებოდა, თუმცა აღნიშნული საკითხი კომპანიის აქციონერებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ავტორიზაციას მოითხოვს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.