მასკის თქმით, ინდოეთში Starlink-ის გაშვებას „ოლიგარქები“ აფერხებენ – მთავრობამ ბრალდებები უარყო

მასკის თქმით, ინდოეთში Starlink-ის გაშვებას „ოლიგარქები“ აფერხებენ – მთავრობამ ბრალდებები უარყო

ფოტო: Getty Images

SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ინდოეთში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სერვისის გაშვების შეფერხებაში, მისივე თქმით, ქვეყანაში დიდი გავლენის მქონე „ოლიგარქები“ დაადანაშაულა. მასკის განცხადებით, ისინი ინდოეთის ინტერნეტბაზარზე მონოპოლიის შენარჩუნებას ცდილობენ.

SpaceX-ის აღმასრულებელმა ლორენ დრეიერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ Starlink-ს ინდოეთში უკვე მოწყობილი აქვს ინფრასტრუქტურა, რომელიც თანამგზავრებს სახმელეთო ქსელთან აკავშირებს, ასევე ანტენები. მისი თქმით, კომპანია მზად არის, სერვისი ინდოეთის მონაცემთა უსაფრთხოების კანონების შესაბამისად გაუშვას. თუმცა Starlink-ის გაშვება ამ ეტაპზე მთავრობის მარეგულირებელ ნებართვებს ელოდება.

აღსანიშნავია, რომ მასკს კონკრეტული პირები ან კომპანიები არ დაუსახელებია და ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებაც არ წარმოუდგენია. X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა, რომ მომხმარებლებს თავად შეუძლიათ გამოიცნონ, ვის გულისხმობს და Starlink-ის გაშვების სავარაუდო დაბლოკვას „ინდოელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ უწოდა.

ინდოეთის სატელიტური ინტერნეტის მზარდ ბაზარზე Starlink-ს კონკურენციას უწევს Eutelsat OneWeb-ი, რომელსაც მილიარდერ სუნილ მიტალის Bharti Group-ი უჭერს მხარს, და Reliance Jio Space Technology-ი, რომელიც ინდოეთის უმდიდრეს ადამიანს, მუკეშ ამბანის ეკუთვნის. Reliance-ის სატელეკომუნიკაციო კომპანია Jio სატელიტური ინტერნეტის საკუთარ სტრატეგიასაც ავითარებს.

Starlink-ის მომსახურების ფასი ინდოეთში ჯერ უცნობია. აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ბაზრებზე სტანდარტული მომხმარებლებისთვის სატელიტური ანტენის კომპლექტი დაახლოებით $300-დან $600-მდე ღირს, ხოლო მომსახურების ყოველთვიური გადასახადი $90-$120-ს შეადგენს. დაბალშემოსავლიან ბაზრებზე SpaceX-ი რეგიონულ ფასებს იყენებს და ყოველთვიურ გადასახადს დაახლოებით $30-$50-მდე ამცირებს, თუმცა ტექნიკის საწყისი ღირებულება კვლავ მნიშვნელოვან ბარიერად რჩება.

ინდოეთში ინტერნეტის 1 მილიარდზე მეტი გამოწერა ფიქსირდება, რაც ქვეყანას ჩინეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე უდიდეს ბაზრად აქცევს. მიუხედავად ამისა, ინტერნეტზე წვდომა განსაკუთრებით დაბალია არაურბანულ რეგიონებში. სხვადასხვა შეფასებით, დაახლოებით 500 მილიონ ინდოელს ინტერნეტზე წვდომა არ აქვს. დაბრკოლებებს შორისაა ინფრასტრუქტურისა და ელექტროენერგიის პრობლემები, ასევე მაღალი ხარჯები. დაბალი ორბიტის თანამგზავრებზე (LEO) დაფუძნებულ ინტერნეტს, მათ შორის Starlink-ს, ამ პრობლემების ნაწილის გვერდის ავლა შეუძლია, რადგან სერვისისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანა რთულ რელიეფზე ან ათასობით სახმელეთო ანძის აშენება საჭირო არ არის.

ცნობისთვის, SpaceX-ს დედამიწის ორბიტაზე ამჟამად Starlink-ის 11,100-ზე მეტი თანამგზავრი ჰყავს.

ინდოეთის მთავრობამ ილონ მასკის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ Starlink-ის ქვეყანაში გაშვებას „ოლიგარქები“ არ აფერხებენ. ინდოეთის კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში სატელიტური საკომუნიკაციო სერვისების მიწოდების ნებართვისთვის „სამართლიანი და არადისკრიმინაციული“ რეგულაციები მოქმედებს.

სამინისტრომ მასკის სახელის ხსენების გარეშე გააკრიტიკა სოციალურ ქსელებში გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც ინდოეთის მარეგულირებელი სისტემა სატელიტური ინტერნეტის ოპერატორების მიმართ დისკრიმინაციულია. უწყების ინფორმაციით, სატელეკომუნიკაციო ლიცენზია სამმა სატელიტური კომუნიკაციის ოპერატორმა მიიღო და სამივე ამჟამად უსაფრთხოების შეფასების ეტაპს გადის.

მათ შორისაა Starlink-ი, რომელსაც ინდოეთის მთავრობამ პირველადი ლიცენზია გასულ წელს მიანიჭა. დანარჩენი ორი კომპანიაა ინდოეთის უმდიდრესი ადამიანის, მუკეშ ამბანის Reliance Jio-ს შვილობილი Jio Satellite Communications-ია და მილიარდერ სუნილ მიტალის Bharti Group-ის მხარდაჭერილი OneWeb India Communications-ი. სამინისტროს განცხადებით, სამივე კომპანია „ერთსა და იმავე მარეგულირებელ ეტაპზეა“, შესაბამისად, უსამართლო ან დისკრიმინაციული რეგულირების შესახებ ნებისმიერი მტკიცება „უსაფუძვლო და მცდარია“

ოთხშაბათს მასკის ქონება დაახლოებით $1 ტრილიონად იყო შეფასებული, რაც მას მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად და ამ დროისთვის ერთადერთ ტრილიონერად აქცევს. მუკეშ ამბანის ქონება დაახლოებით $125 მილიარდია, ხოლო სუნილ მიტალის სიმდიდრე $12.8 მილიარდს შეადგენს. მიტალის Bharti Enterprises-ი Eutelsat OneWeb-ის თანამფლობელია, რომლის ქსელიც დაახლოებით 600-650 ინტერნეტმომწოდებელ თანამგზავრს აერთიანებს.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი