მასკის თქმით, Tesla მომავალი წლიდან Cybertruck-ის წარმოებას შეამცირებს

მასკის თქმით, Tesla მომავალი წლიდან Cybertruck-ის წარმოებას შეამცირებს

ფოტო: Getty Images

 

Tesla მომავალი წლის შუა პერიოდიდან Cybertruck-ის წარმოებას ეტაპობრივად შეამცირებს, რათა ტეხასის „გიგაქარხანაში“ სიმძლავრეების ნაწილი Cybercab-ის წარმოებას დაუთმოს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. გადაწყვეტილება ელექტრომობილების მწარმოებლისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ცვლილებაზე მიუთითებს, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც Cybertruck-მა გაყიდვების მოლოდინები ვერ გაამართლა და ხარისხთან დაკავშირებული პრობლემებიც არაერთხელ შეექმნა.

მასკის განცხადებით, Tesla ტეხასის ქარხანაში Cybertruck-ის წარმოებას მომავალი წლის შუა პერიოდიდან შეამცირებს, რათა Cybercab-ის გამოშვების გაზრდისთვის ადგილი გაათავისუფლოს. მას არ დაუკონკრეტებია, შეწყდება თუ არა ელექტროპიკაპის წარმოება სრულად. ამ დროისთვის Cybertruck-ს Tesla მხოლოდ ტეხასში აწარმოებს.

მილიარდერმა მოგვიანებით გააზიარა Cybertruck-ის წამყვანი ინჟინრის, უეს მორილის პოსტიც. მორილმა ელექტროპიკაპს ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვანი პლატფორმა უწოდა და აღნიშნა, რომ მისი განვითარება Cybercab-ის პროექტში გაგრძელდება.

Cybertruck-ი პირველად 2019 წელს წარადგინეს, თუმცა გაყიდვაში მხოლოდ 2023 წლის ნოემბერში ჩაეშვა. Tesla-ს თავდაპირველი გეგმით, სრულად ამუშავებული საწარმოო ხაზის პირობებში, კომპანიას ყოველწლიურად 250 000-დან 500 000-მდე ელექტროპიკაპის გაყიდვა შეეძლო. რეალობა კი მოლოდინებისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული აღმოჩნდა.

Cox Automotive-ის შეფასებით, აშშ-ში Cybertruck-ის გაყიდვები 2024 წლის 38 965 ერთეულიდან 2025 წელს 20 237 ერთეულამდე შემცირდა. კლების ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდა: 2026 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში 11 586 Cybertruck-ი გაიყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით ნაკლებია.

Tesla-ს მესამე კვარტალის ანგარიშში Cybertruck-ის გაყიდვები ცალკე გამოყოფილი არ არის. მოდელი სხვა ავტომობილებთან ერთად „Other Models“-ის კატეგორიაშია გაერთიანებული, რომელიც Model 3-ისა და Model Y-ის გარდა კომპანიის ყველა მოდელს მოიცავს. ამ კატეგორიის მიწოდება მესამე კვარტალში წლიურად 48%-ით შემცირდა და 8 295 ავტომობილი შეადგინა. ამასთან, კომპანიის ანგარიშის მიხედვით, ტეხასის ქარხანას ყოველწლიურად 125 000-ზე მეტი Cybertruck-ის წარმოების შესაძლებლობა აქვს.

Cybertruck-ის წარმოების შემცირების პარალელურად, Tesla ავტონომიური ტაქსის, Cybercab-ის პროექტის გაფართოებას გეგმავს. ორკაციანი ელექტრომობილი, რომელსაც საჭე და პედლები არ აქვს, კომპანიამ პირველად 2024 წელს წარადგინა. მიმდინარე წლის სექტემბერში კი Tesla-მ ტეხასის ქალაქ ოსტინის გარკვეულ უბნებში Cybercab-ით კომერციული მგზავრობების შეთავაზება დაიწყო.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი