მასკის xAI-მ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან კონტრაქტი გააფორმა

მასკის xAI-მ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტთან კონტრაქტი გააფორმა

ილონ მასკის საკუთრებაში არსებულმა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპმა, xAI-მ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის (DOD) მოწინავე AI-მოდელების მიწოდებაზე, კონტრაქტი მოიპოვა. როგორც ირკვევა, თავდაცვის დეპარტამენტი xAI-ის ახალ პროგრამას „Grok-ი მთავრობისთვის“ გამოიყენებს.

მასკის AI-სტარტაპთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა კონტრაქტები კიდევ სამ კომპანიასთან – Anthropic-თან, Google-თან და OpenAI-სთან გააფორმა. DOD-ის ინფორმაციით, აღნიშნულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ინდივიდუალური ღირებულება $200 მილიონს აღწევს.

აშშ-ის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობა „ეროვნული უსაფრთხოების კრიტიკული გამოწვევების გადასაჭრელად, სააგენტოს მიერ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე შესაძლებლობების დანერგვის დაჩქარებას ემსახურება“, – ნათქვამია განცხადებაში.

xAI-ის ინფორმაციით, „Grok-ი მთავრობისთვის“ (Grok for Government) პროდუქტების ნაკრებია, რომლის საშუალებითაც კომპანიის მოწინავე მოდელები აშშ-ის სამთავრობო უწყებებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. მასკის სტარტაპის განცხადებითვე, აშშ-ის ფედერალური სამთავრობო დეპარტამენტები, სააგენტოები და ოფისები xAI-ის პროდუქტების შესყიდვას „გენერალური სერვისების ადმინისტრაციის“ (GSA) მეშვეობით შეძლებენ.

ცნობისთვის, Grok-ი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტია, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაეშვა OpenAI-ის ChatGPT-თან კონკურენციის მიზნით. რამდენიმე დღის წინ მასკმა ჩატბოტის ახალი ვერსია, Grok 4 წარადგინა. AI-მოდელის ახალი ვერსიის გამოშვებას xAI-ის ჩატბოტის ანტისემიტური განცხადებები უძღოდა წინ, რის გამოც სტარტაპმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.