Reuters-ის ცნობით, ინვესტორების მხრიდან დაბალი ინტერესის მიუხედავად, ილონ მასკის სტარტაპი xAI სესხის სახით $5 მილიონის მოზიდვაზე შეთანხმებას გააფორმებს. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, გარიგება, რომელსაც საინვესტიციო ბანკი Morgan Stanley ხელმძღვანელობს, დასრულების პირასაა.
წყაროთა ინფორმაციით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, xAI-ის მიერ სესხის სახით მიღებული თანხა ინვესტორებზე ოთხშაბათს გადანაწილდება. პაკეტი მოიცავს მცურავი საპროცენტო განაკვეთის სესხს, ფიქსირებული განაკვეთის მქონე სესხს და უზრუნველყოფილ ობლიგაციებს. გარიგების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, მხარეებს, მათ შორის არც Morgan Stanley-ის, კომენტარი არ გაუკეთებიათ.
გარიგების შესახებ ინფორმირებული პირების განცხადებით, xAI-ის შეთავაზებას ინვესტორებში მაღალი ინტერესი არ გამოუწვევია. მათივე შეფასებით, დაბალი გამოხმაურების მიზეზი მასკსა და ტრამპს შორის წარმოქმნილი განხეთქილება გახდა.
არსებული ინფორმაციით, მცურავი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, ქვედა ზღვარი 7%-ით განისაზღვრება, ხოლო ფიქსირებული განაკვეთისა და უზრუნველყოფილი ობლიგაციების შემთხვევაში – 12%-ით.
ცნობისთვის, ICE BofA-ს თანახმად, ობლიგაციების შემთხვევაში საშუალო განაკვეთი 7.6%-ია, თუმცა xAI-ის მიერ მაღალი პროცენტის შეთავაზება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორის ის, რომ კომპანია ჯერ ახალია, ინვესტორები კომპანიის ფინანსებსა და მოგებაზე საკმარის ინფორმაციას არ ფლობენ და xAI-ს ჯერ არც საკრედიტო რეიტინგი აქვს.
Reuters-ის ინფორმაციით, სესხის მოზიდვის გარდა, მასკის xAI მოლაპარაკებებს დაფინანსების ახალ რაუნდზეც აწარმოებდა. ხელოვნური ინტელექტის სტარტაპს, ახალი რაუნდით, $20 მილიარდის კაპიტალიზაციის მოზიდვა სურს, რის შედეგადაც, xAI-ის შეფასება $120 მილიარდს გადააჭარბებს.