მასკმა ტრამპი „დიდი, ლამაზი“ კანონპროექტის ინიციირებისთვის გააკრიტიკა

მასკმა ტრამპი „დიდი, ლამაზი“ კანონპროექტის ინიციირებისთვის გააკრიტიკა

ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის განცხადებით, ის გასულ კვირას წარმომადგენლობით პალატაში დონალდ ტრამპის მიერ ინიციირებული „დიდი, ლამაზი“ კანონპროექტის მიღების გამო იმედგაცრუებულია. აღნიშნული განცხადება მასკის მიერ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციის დატოვების შემდეგ თეთრი სახლის პოლიტიკის მისამართით გავრცელებული პირველი კრიტიკული მოსაზრებაა.

CBS-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ილონ მასკი ამბობს, რომ კანონპროექტის ხილვით იმედგაცრუებულია, რომელიც ბიუჯეტის დეფიციტს შემცირების ნაცვლად, ზრდის. მასკის განმარტებით, კანონპროექტის შინაარსი DOGE-ის გუნდის საქმიანობასთან წინააღმდეგობაში მოდის. „კანონპროექტი შესაძლოა იყოს დიდი ან იყოს ლამაზი, თუმცა არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია იყოს ორივე ერთად“, – აღნიშნა მან.

ცნობისათვის, აღნიშნული კანონპროექტი, ფედერალური საბიუჯეტო კომიტეტის მონაცემებით, მომდევნო ათი წლის განმავლობაში დამატებით $3.3 ტრილიონის მოცულობის ფედერალური სახელმწიფო ვალის აღებას ითვალისწინებს. ფისკალური სამეთვალყურეო ჯგუფის გაფრთხილებით, ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ $5.2 ტრილიონით გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ილონ მასკმა პოლიტიკური ხარჯების შემცირების შესახებაც განაცხადა. მანამდე კი ამერიკელმა მილიარდერმა სპეციალურად მისთვის შექმნილი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა.

კანონპროექტს წარმომადგენლობით პალატაში 215 მომხრე და 214 წინააღმდეგი ჰყავდა. ახლა ის კენჭისყრისთვის სენატს გადაეგზავნა. კანონპროექტი სახელმწიფო ვალის დამატებას იმ პროექტების განსახორციელებლად ითვალისწინებს, რომელთაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს აჟღერებდა.