ცოტა ხნის წინ ლინდა იაკარინომ განაცხადა, რომ ილონ მასკის მფლობელობაში არსებული X-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას დატოვებს. ეს მას შემდეგ ხდება, რაც მასკის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტმა გუშინ სოციალური მედიის პლატფორმაზე ანტისემიტური კომენტარები გააკეთა და ადოლფ ჰიტლერი შეაქო.
61 წლის იაკარინოს, რომელიც X-ის CEO-ს პოსტს ორი წლის განმავლობაში იკავებდა, კომპანიიდან წასვლის მიზეზი არ დაუსახელებია. მან აღნიშნა, რომ „უზომოდ მადლიერია“ მასკის, რადგან მას სიტყვის თავისუფლების დაცვის, კომპანიის გარდაქმნისა და X-ის ყველაფრის აპლიკაციად ქცევის პასუხისმგებლობა დააკისრა და ამ გზაზე ნდობა გამოუცხადა.
როგორც აღვნიშნეთ, ლინდა იაკარინოს გადადგომა მასკის xAI-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტის, Grok-ის მიერ გამოქვეყნებულ პოსტების სერიას მოჰყვა, რომელმაც ჰიტლერი შეაქო და ანტისემიტური განცხადებები გააკეთა, თუმცა იაკარინოს გროკის კომენტარებზე ყურადღება არ გაუმახვილებია.