მბაპე ზაფხულში „პსჟ“-ს დატოვებს - „რეალმა“ ფეხბურთელს შეთავაზება გაუგზავნა

მბაპე ზაფხულში „პსჟ“-ს დატოვებს - „რეალმა“ ფეხბურთელს შეთავაზება გაუგზავნა

ფრანგმა ფეხბურთელმა, კილიან მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ ხელაიფს ოფიციალური წერილი მისწერა და ივლისში კლუბის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. აღნიშნული ინფორმაცია ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

რომანოს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ მადრიდის „რეალიდან“ და კონტრაქტთან დაკავშირებით შეთავაზება გაუგზავნეს. შეგახსენებთ, ესპანური კლუბი ფრანგი თავდამსხმელის დამატებას უკვე წლებია, ცდილობს. 2022 წელს მასთან შეთანხმებას თითქმის მიაღწია, თუმცა მბაპემ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წუთს გადაიფიქრა და „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩენა გადაწყვიტა.

ფაბრიციო რომანო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ „რეალი“ ფეხბურთელს 2022 წელს გაკეთებულ შეთავაზებაზე დაბალ ხელფასს ჰპირდება. საკონტრაქტო წინადადება ასევე ჩამოუვარდება „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მბაპესთვის შეთავაზებულ პირობებს.

დიდი ალბათობით, ფრანგი ფეხბურთელის დაინტერესებას სხვა კლუბებიც შეეცდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მბაპეს „რეალში“ გადასვლა უფრო მეტად სავარაუდოა. შეგახსენებთ, გასული წლის ზაფხულში საუდის არაბეთის კლუბმა „ალ-ჰილალმა“ კილიან მბაპეს სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენს“ რეკორდული თანხა, 300 მილიონი ევრო შესთავაზა.

კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ 2017 წლიდან თამაშობს. ის კლუბში „მონაკოდან“ იჯარის წესით მოხვდა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, პარიზელებმა ფეხბურთელი 180 მილიონ ევროდ შეიძინეს.

საფრანგეთის ლიგა 1-ში მბაპეს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი. ჩემპიონთა ლიგის შვიდ შეხვედრაში კი მის ანგარიშზე ოთხი გოლია.

ცნობისთვის, Transfermarkt-ზე მოცემული დროისთვის კილიან მბაპეს საბაზრო ღირებულებად 180 მილიონი ევროა მითითებული. ფრანგი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, 200 მილიონ ევროდ, 2018-2019 წლებში ფასობდა.