McDonald’s Corp-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ მომდევნო თვიდან საკუთარ რესტორნებში მცენარეულ პროდუქტებზე დაფუძნებული ბურგერის, McPlant ბურგერის ტესტირებას დაიწყებს. საინტერესოა, რომ აღნიშნული ბურგერის ტესტირება McDonald’s-სა და ვეგანური ხორცის მწარმოებელ კომპანია Beyond Meat-ს შორის კოლაბორაციას წარმოადგენს და პარტნიორობის სამომავლო განვითარებას ემსახურება.
McDonald’s-ის განცხადებით, McPlant ბურგერის ტესტირება შემდეგი თვიდან ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ რვა კვების ობიექტშია დაგეგმილი.
საინტერესოა, რომ ამერიკულმა სწრაფი კვების ქსელმა, McDonald’s-მა, ვეგანური ხორცის მწარმოებელ კომპანია Beyond Meat-თან თანამშრომლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო, რათა ტრადიციული პროდუქტების უხორცო ალტერნატივები შეემუშავებინა და რესტორანს ყველა გემოვნების მქონე მომხმარებლისათვის ემასპინძლა. კომპანიის განცხადებით, McPlant ბურგერის ტესტირება აშშ-ში 3 ნოემბრიდან დაიწყება და ის რესტორნებში შეზღუდული დროის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
საინტერესოა ისიც, რომ ზემოთ აღნიშნული ბურგერი, რომელიც ტრადიციული ხორცის თანამედროვე ალტერნატივას წარმოადგენს, უკვე ხელმისაწვდომია შვედეთის, დანიისა და გაერთიანებული სამეფოს McDonald’s-ის სარესტორნო ქსელებში.
McDonald’s-ის განცხადებით, კომპანია ახალი პროდუქტის ტესტირებას მანამდე განაგრძობს, სანამ მარაგები არ ამოიწურება. ვეგანური ხორცის მწარმოებელი კომპანიის, Beyond Meat-ის აქციათა ფასები, McDonald’s-ის მიერ აღნიშნული სიახლის გაჟღერების შემდეგ, ბაზარზე დაახლოებით 3%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკული სწრაფი კვების ობიექტები მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სარესტორნო ქსელს წარმოადგენს, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 36 000-ზე მეტი ობიექტი აქვს გახსნილი.