მელინდა ფრენჩ გეიტსის კომპანია Pivotal Ventures-ი, რეჯინა დუგანის ჯანდაცვის ინოვაციების ორგანიზაცია Wellcome Leap-თან თანამშრომლობით, ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით კვლევებისთვის $100 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ მილიარდერმა ფილანთროპმა Forbes Power Women’s Summit-ზე განაცხადა. ინიციატივის ფარგლებში, მხარეების შეწირულება $50-$50 მილიონი იქნება.
ინიციატივა, რომელიც 2026 წლიდან ორ ახალ პროგრამას ჩაუყრის საფუძველს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ქალთა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აუტოიმუნური დარღვევების მიმართულებების დაფინანსებაზე იქნება ფოკუსირებული. გეიტსის თქმით, ქალებს საზოგადოების ყველა დონეზე თანაბარი ძალაუფლება და გავლენა სჭირდებათ, თუმცა ამის მიღწევა შეუძლებელია მაშინ, როდესაც მათ ძირითადი ჯანდაცვის სერვისებისთვის ბრძოლა უხდებათ.
არსებული კვლევების თანახმად, კიბოს გარდა გლობალური ჯანმრთელობის კვლევების მხოლოდ 1%-ია ფოკუსირებული იმ ტიპის დაავადებებზე, რომლებიც ძირითადად ქალებს ემართებათ. მაგალითისთვის, აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტების თითქმის 80% ქალები არიან, ხოლო მენოპაუზა, დაბერების შესახებ არსებულ თითქმის არცერთ კვლევაში არ გვხვდება. გამომდინარე აქედან, როგორც სამიტზე გეიტსმა განაცხადა, ქალები სიცოცხლის განმავლობაში, მამაკაცებზე 25%-ით მეტს ატარებენ ავადმყოფობაში, რაც მათ სრულფასოვან ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.
მელინდა ფრენჩ გეიტსის შეფასებით, არსებული უთანასწორობის აღმოფხვრა 2040 წლისთვის გლობალურ მშპ-ს ყოველწლიურად მინიმუმ $1 ტრილიონის სარგებელს მოუტანს, რადგან ქალები სრულად ჩაერთვებიან ეკონომიკაში.
ცნობისთვის, Pivotal Ventures-თან პარტნიორობით, Wellcome Leap-ის მიერ ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით მთლიანი ინვესტიცია $250 მილიონამდე იზრდება. ინვესტიცია ორგანიზაციის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია, რომელიც ქალებზე არაპროპორციულად მოქმედი დაავადებებისთვის $1 მილიარდის ფილანთროპიული კაპიტალის მოზიდვას ითვალისწინებს.