Microsoft-ის თანადამფუძნებელი ბილ გეიტსი, განქორწინების შემდეგ, ყოფილი მეუღლისთვის, მელინდა გეიტსისთვის აქციების გადაცემას განაგრძობს. გასულ კვირას მელინდა გეიტსმა, დამატებით, საჯაროდ დალისტული კომპანიის $1.2 მილიარდის ღირებულების აქციები მიიღო.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გეიტსმა ყოფილ მეუღლეს AutoNation-ში, $470 მილიონად შეფასებული 7.1%-იანი წილიც გადასცა. შედეგად, ამერიკულ ავტოდილერში, ბილ გეიტსის საკუთრებაში არსებული წილი 18%-მდე შემცირდა და $1.2 მილიარდს გაუტოლდა. ამასთან ერთად, მელინდა გეიტსმა Canadian National Railway Company-ის 1%-იც მიიღო, რომლის ღირებულება $690 მილიონს აღწევს.
უცნობია, არის თუ არა მელინდა გეიტსისთვის აქციების გადაცემა ივნისში დაანონსებული გეგმის ნაწილი. ცნობისთვის, მელინდა გეიტსმა ივნისის დასაწყისში „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დატოვა. ფონდის დატოვების შესახებ არსებული შეთანხმების პირობებით, მელინდა დამატებით $12.5 მილიარდს მიიღებს, რომელსაც ქალთა და ოჯახებთან დაკავშირებული საკითხებისთვის გამოიყენებს.
გეიტსების ფონდის სპიკერის ინფორმაციით, ეს $12.5 მილიარდი ორგანიზაციის ტრასტიდან მოდის, თუმცა ბილის პერსონალური ანგარიშიდან გადაირიცხება, რადგან ეს ყოფილ მეუღლეებს შორის დადებული პირადი შეთანხმების ნაწილია.
ბილ და მელინდა გეიტსები, 27-წლიანი ქორწინების შემდეგ, ოფიციალურად 2019 წელს დაშორდნენ. Forbes-ის შეფასებით, როგორც წყვილმა, გეიტსებმა სიცოცხლის განმავლობაში საქველმოქმედო მიზნებისთვის 45 მილიარდ დოლარზე მეტი გასცეს.
ამერიკული გამოცემა მელინდა გეიტსის ქონებას $30.2 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოში მე-12 უმდიდრეს ქალად აქცევს.