მემკვიდრეობით მიღებული ონკოქირურგია

მემკვიდრეობით მიღებული ონკოქირურგია

კახაბერ თოდუამ ონკოქირურგად მუშაობის ლიცენზია 2009 წელს მოიპოვა და ამის შემდეგ დაახლოებით 15 ათასი ოპერაცია ჩაატარა. შთამომავლობით მიღებული და წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნითა და გამოცდილებით ის ამჟამად „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების მიმართულებას ხელმძღვანელობს. კახაბერ თოდუა პროფესიულ გზასა და მის დარგში არსებულ გამოწვევებზე გვესაუბრა.

 

პროფესია შემთხვევით არ აგირჩევიათ – გვიამბეთ ამის შესახებ. 

დიახ, ნამდვილად. ჩემს ოჯახში ექიმების მესამე თაობა ვარ. საბჭოთა პერიოდში მამაჩემმა ონკოლოგიურ ცენტრში კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების მიმართულების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ბაბუა კი, ძმასთან ერთად, სამხედრო ექიმი იყო. ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ მემკვიდრეობას ვაგრძელებ.

სტუდენტობის შემდეგ, მამაჩემთან ერთად დაახლოებით ათი წელი მომიწია ამ სფეროში მუშაობა. 2013 წელს ის ავად გახდა და უკვე დამოუკიდებლად შევუდექი კარიერის გზას.

მამაჩემის გამოცდილებამ და მის მიერ ცოდნის გაზიარებამ ჩემს პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მას თითქმის ერთი თაობის გამოცდილებაზე მიუწვდებოდა ხელი, შემდეგ ამას თავისი გამოცდილება დაუმატა და მე გამიზიარა. რა თქმა უნდა, ამ სფეროში წარმატების მისაღწევად მეც ბევრი ვიშრომე, თუმცა მამაჩემისგან მიღებული ცოდნა და გამოცდილება ძალიან დამეხმარა.

თქვენი ცხოვრების კრედოა – „ცოდნა ძალაა“..

ყველაფერი ცოდნიდან მოდის, მათ შორის გამოცდილებაც. თუ შენს სფეროში საბაზისო ცოდნა არ გაქვს, სასარგებლო გამოცდილების მიღება გაგიჭირდება. ჩვენი დარგი კი მუდმივად ვითარდება – იცვლება და იხვეწება მიდგომები, მკურნალობის მეთოდები. ამას ფეხი რომ აუბა, სულ სწავლის პროცესში, ახალი ინფორმაციის მიღების მცდელობაში უნდა იყო, რათა ქვეყანაში, შენს დარგში სიახლეები დანერგო. ამ დროს კი ყველაზე სასარგებლო პირველწყაროსთან კომუნიკაცია.

საქართველო პატარა ქვეყანაა და შეიძლება იშვიათი შემთხვევები არც კი შეგხვდეს, თუმცა მათ პირისპირ აღმოჩენის დროს უნდა იცოდე, როგორ მოიქცე. ეს ამარტივებს დიაგნოსტირებას, შემდეგ კი დაავადების მართვას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯანდაცვაში განათლების კუთხით მეტი ფინანსური რესურსი უნდა ჩაიდოს, რათა ცოდნის ხარჯზე უფრო წარმატებულ შედეგებს მივაღწიოთ.

თქვენი ძალა როგორია? სად დააგროვეთ ცოდნა?

განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მივიღე. ჩემთვის ამ მიმართულებაზე ჩაბარება არავის დაუძალებია. შეიძლება ითქვას, რომ არც კი დასმულა შეკითხვა, თუ სად ჩავაბარებდი, რადგან მამაჩემის გავლენით ამ სფეროს მიმართ ინტერესი ადრეული ასაკიდან გამიჩნდა. ლექციებს მამაჩემის ბევრი მეგობარი მიკითხავდა, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებდა, რომ ყოველთვის მომზადებული ვყოფილიყავი.

უნივერსიტეტმა საკმაოდ კარგი განათლება მომცა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო გაცვლითი პროგრამები, რომლებშიც ამ პერიოდში ვიღებდი მონაწილეობას. პირველად, მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც თურქეთში, ანკარაში მდებარე ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტში წავედი გაცვლითი პროგრამით. აქ ბევრ სიახლეს გავეცანი. ამან ინტერესი უფრო გამიმძაფრა და გადავწყვიტე, რაც შეიძლება ხშირად გავსულიყავი ქვეყნის გარეთ, რათა მეტი ცოდნა და გამოცდილება მიმეღო.

სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ რეზიდენტურა ონკოლოგიურ ცენტში, მამაჩემთან გავაგრძელე, პარალელურად კი ვიღებდი მონაწილეობას პროგრამებში, რომლებიც საზღვარგარეთ განათლების გაუმჯობესებაში მეხმარებოდა. ასე აღმოვჩნდი საფრანგეთში, მარსელში საკმაოდ დიდ ონკოლოგიურ ცენტში, რომელიც ზოგადი ონკოლოგიის მიმართულებას ემსახურებოდა. ეს მოიცავდა ტრავმატოლოგიას, ორთოპედიას, ასევე ზოგად ქირურგიას ონკოლოგიის კუთხით. აქ მივიღე საოპერაციოს გამოცდილება, გავეცანი ახალ მიდგომებს, თანამედროვე მეთოდებს, რამაც ჩემი ცოდნა კიდევ უფრო გაზარდა.

გარდა ამისა, ვიყავი აშშ-ში, ვაშინგტონში, ონკოლოგიის უდიდეს ცენტრში მსოფლიოში, რომელიც უზარმაზარი კომპლექსია. შეიძლება ითქვას, მის შენობებს ერთი უბანი აქვს დათმობილი. აქ ონკოლოგიის ყველა მიმართულების სიახლეებს გავეცანი, სფეროში მიმდინარე ცდებზე მივიღე ინფორმაცია, გავიგე წამლების კუთხით წარმოებული სამუშაოების შესახებ.

საზღვარგარეთ მიღებულმა ცოდნამ გზა გამიხსნა, თუმცა მთავარი მაინც გამოცდილებაა, რაც საქართველოში დავაგროვე. სწორედ ამ ცოდნითა და გამოცდილებით ვუძღვები დღეს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ კანის, რბილი ქსოვილებისა და ძვლების სიმსივნეების მიმართულებას.

ბევრჯერ ახსენეთ სიახლეების გაცნობა – რა არის ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა თქვენს დარგში? საინტერესოა, რა ხდება ამ კუთხით საქართველოში?

ბოლო პერიოდში ონკოლოგიაში მკურნალობის მეთოდები ძალიან დაიხვეწა და მინდა გითხრათ, რომ საქართველოშიც არ ვართ უკან. განსაკუთრებით დიდი წინსვლაა კანის ავთვისებიანი სიმსივნეების, მელანომის მკურნალობის მიმართულებით.

ზოგადად, ონკოლოგიაში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო გენური ინჟინერიის დახმარებით მკურნალობის განვითარება. ეს არის ტარგეტული მეთოდისა და იმუნოთერაპიის ერთობლიობა. დნმისა და კონკრეტული მუტაციების გამოკვლევის შედეგად, შესაძლებელი გახდა პაციენტის დაავადების პერსონალურად შესწავლა და კონკრეტულად მასზე მორგებული მკურნალობის მეთოდისა და მედიკამენტის შეთავაზება.

ეს საკმაოდ დიდი ნაბიჯია, რამაც შედეგი უკვე გამოიღო. 20 წლის წინ მხოლოდ იმუნოთერაპია არსებობდა, ინტერფერონის სახით, რომელიც დიდი ეფექტიანობით არ გამოირჩეოდა. მელანომა კი ვერაგი დაავადებაა, რომელზეც ქიმიოთერაპია არ მოქმედებს, სხივურ თერაპიას არ აქვს ისეთი კარგი შედეგი და ერთადერთი გზა ქირურგიული მკურნალობა რჩებოდა. ახალმა მიდგომებმა კი შესაძლებელი გახადა ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება.

სფეროს განვითარებას საქართველოც უწყობს ფეხს. მინდა გითხრათ, მაგალითად, კონკრეტულად მელანომის კუთხით რაც კეთდება აშშში, ჩვენთანაც არის ხელმისაწვდომი. აქ პრობლემაა ხელმისაწვდომობა წამლებზე, რომლებიც საკმაოდ ძვირია. თუმცა ბოლო წლებია, რაც მკურნალობა უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრომ იმუნოტარგეტული თერაპიის ნაწილობრივ დაფინანსება დაიწყო.

ამასთან ერთად, ჩვენთანაც გაიხსნა მსოფლიო სტანდარტების ლაბორატორიები, რასაც ათი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდით. აქამდე ნიმუშებს გამოსაკვლევად ევროპაში ვგზავნიდით, ეს კი ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამასთან, თუ იმუნოთერაპიის მიმართულება არ გაქვს განვითარებული, ანალიზის პასუხი რომც მიიღო, პაციენტს ვერ უმკურნალებ. დღეს ჩვენს ქვეყანაში ორივე ხელმისაწვდომია განვითარდა როგორ ლაბორატორიული ნაწილი, ისე იმუნოთერაპიული მკურნალობის მიმართულება.

ამერიკის ონკოქირურგთა ასოციაციის წევრი ხართ – რაში გეხმარებათ ეს?

აშშ-ში წელიწადში ორჯერ მაინც მიწევს ჩასვლა, რომ ჩემს სფეროში არსებულ სიახლეებსა და მიდგომებს გავეცნო. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი კომუნიკაცია ძალიან სასარგებლოა.

ონკოქირურგთა ასოციაციის შეხვედრებზე ძირითადად ამერიკის სამეცნიერო საზოგადოებაა წარმოდგენილი, თუმცა ევროპის ქვეყნებიდანაც ბევრი სპეციალისტი ჩამოდის. მათ მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესენი არიან ადამიანები, ვისი წიგნებითაც მე ვსწავლობდი. იქ ყოფნით გრძნობ, რომ ამ საზოგადოების ნაწილი ხარ, რაც არ უნდა პატარა ქვეყნიდან იყო.

ამ შეხვედრებზე განიხილავენ იშვიათ შემთხვევებს და სვამენ კითხვებს, თუ რას გააკეთებდი პრობლემის გადასაჭრელად. გაცემულ პასუხებს სწორ გზამდე მიჰყავხარ. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია, რადგან თავს გარიყულად არ გრძნობ, მათი ნაწილი ხარ. ამ შეხვედრებზე გაგებულ სიახლეებს შენ აქ, შენს ქვეყანაში ნერგავ და ავითარებ.

ზოგჯერ არის განსაკუთრებით რთული ოპერაციები, რომლებიც ჩვენთან არ კეთდება, თუმცა გამონაკლისი არ ვართ. ამაზე ხელი მსოფლიოს, მათ შორის ევროპის ბევრ ქვეყანას არ მიუწვდება. ვსაუბრობ შორს წასულ შემთხვევებზე, როდესაც ხშირად მენჯის კომპლექსური იმპლანტაციის აუცილებლობა დგება. მსგავსი ოპერაციები ერთეულ ცენტრებში ტარდება. გარდა ამისა, ასეთი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველო ჩემს დარგში მსოფლიოს არ ჩამორჩება. ამაში წვლილი მეც შემაქვს – ყველაფერს ვაკეთებ, რომ ქვეყანაში თანამედროვე მიდგომები დავნერგო.

ამის ფონზე, რა გამოწვევებს ხედავთ?

მთავარი პრობლემა არაინფორმირებულობა და ნდობის ფაქტორია. რატომღაც ხალხი ფიქრობს, რომ საქართველოში იმ დრონის მანიპულაციები და ჩარევები არ კეთდება, როგორიც საზღვარგარეთ. მსგავსი მსჯელობა ყველაზე დიდი შეცდომაა.

ასევე ბევრის აზრით, საზღვარგარეთ გაცილებით კარგი ექიმები არიან, ვიდრე საქართველოში. ეს დამოკიდებულებაც არასწორია. შეცდომები არის როგორ საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. შეცდომები არ აქვს მას, ვინც არ მუშაობს.

საქართველოს საკმაოდ კარგი სპეციალისტების ბაზა აქვს. თუმცა საჭიროა ამ პიროვნებებამდე მისვლა. უნდა იცოდე, სამკურნალოდ ვისთან მიდიხარ. ამისთვის რისერჩის გაკეთებაა აუცილებელი, რომ გაიგო, რა შესაძლებლობები აქვს ექიმს, რა სირთულის ოპერაციებს აკეთებს და რა მიმართულებით არის ძლიერი.

თუ საზღვარგარეთაც ბრმად მიდიხარ სამკურნალოდ და ექიმზე ინფორმაცია არ გაქვს, შეიძლება ისეთივე ან უარესი შედეგი მიიღო, როგორსაც აქ, შემთხვევითობის პრინციპით არჩეულ სპეციალისტთან მკურნალობისას მიიღებ.

ალბათ განსხვავება უფრო არის აღჭურვილობის კუთხით. საზღვარგარეთ შეიძლება დაგხვდეს ახალი აპარატურა და ხელსაწყოები, თუმცა მკურნალობა დაახლოებით ერთი და იგივეა. უფრო მეტიც, კატასტროფული სხვაობაა ფასში. ზოგი ოპერაცია ჩვენთან ათჯერ უფრო ნაკლები ჯდება. ამიტომ, სწორი სპეციალისტის პოვნაა მნიშვნელოვანი.

ბოლოს, როგორია თქვენი გეგმები და რისი მიღწევა გსურთ მათი განხორციელებით?

ჩემი და ჩემი გუნდის მიზანია, რომ პაციენტებს ხარისხიანი მომსახურება შევთავაზოთ და ნდობის ფაქტორი გავზარდოთ. ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი სასარგებლო სიახლე საქართველოში გადმოვიტანო, რათა ყველაფერი, რაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი, აქაც დაინერგოს იმავე ხარისხით.

მინდა, პაციენტები აღარ წავიდნენ საზღვარგარეთ იმ შედეგისთვის, რაც ჩვენთანაც მიიღწევა, თანაც გაცილებით ნაკლები დანახარჯებით. მეორე მხრივ, ამით ფინანსური სარგებლის ქვეყნიდან გადინების პრობლემაც აღმოიფხვრება.