მექსიკა, აშშ-ის ლობირების შემდეგ, ჩინურ ავტომობილებზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

მექსიკა, აშშ-ის ლობირების შემდეგ, ჩინურ ავტომობილებზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს

მექსიკა ჩინეთიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო გეგმის ანარეკლია. მექსიკის ეკონომიკის მინისტრ მარსელო ებრარდის განცხადებით, წინადადება უფრო ფართო კანონპროექტის ფარგლებში კონგრესს უკვე წარედგინა.

როგორც ირკვევა, კანონპროექტი ქვეყნებიდან, რომლებთანაც მექსიკას სავაჭრო შეთანხმება არ აკავშირებს, 1,400-ზე მეტი კატეგორიის პროდუქტის იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. ეს გავლენას დაახლოებით 52 მილიარდი დოლარის იმპორტზე მოახდენს.

კანონპროექტი ჩინეთის გარდა შეეხება სამხრეთ კორეას, ინდოეთს, ინდონეზიას, რუსეთს, ტაილანდსა და თურქეთს.

ავტომობილების გარდა, მექსიკას საიმპორტო გადასახადის სამიზნედ ისეთი პროდუქცია აქვს შერჩეული, როგორიცაა ფოლადი, სათამაშოები, მოტოციკლები და ტექსტილი. შეთავაზებული ტარიფები კი 10-50%-ის ფარგლებში მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილებზე 50%-იანი სატარიფო განაკვეთი ორჯერ მეტია არსებულ გადასახადზე, რომელიც 15-20%-ს შეადგენს. ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებით დაშვებული მაქსიმალური მაჩვენებელია.

ჩინური საკონსულტაციო კომპანია Automobility-ის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მექსიკა ჩინეთში წარმოებული ავტომობილების მსოფლიოში უმსხვილესი მყიდველი იყო – მან არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და რუსეთს გადაუსწრო.

მექსიკა აცხადებს, რომ ტარიფების მიზანი ეროვნული წარმოების გაძლიერება და სამუშაო ადგილების დაცვაა. ქვეყანა მთავარ საფრთხედ დიდი რაოდენობით იაფი ჩინური საქონლის ადგილობრივ ბაზარზე შესვლას ასახელებს. ეკონომიკის სამინისტროს დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნული ზომები მრეწველობის მიმართულებით რისკის ქვეშ მყოფ 325,000 სამუშაო ადგილს დაიცავს.

კანონპროექტის შემუშავებას მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმზე დონალდ ტრამპის ზეწოლასაც უკავშირებენ, რათა მან მექსიკაში ჩინური საქონლის იმპორტი შეზღუდოს. ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მექსიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც „უკანა კარი“ ჩინეთიდან წარმოებული საქონლისთვის მაღალი გადასახადების თავიდან ასაცილებლად – განსაკუთრებით იმის გამო, რომ მექსიკას აშშ-ის ბაზარზე ხელსაყრელი წვდომა აქვს.