მექსიკის უდიდესი ნარკოკარტელის ლიდერის მკვლელობას ქვეყნის რამდენიმე შტატში არეულობა მოჰყვა

მექსიკის უდიდესი ნარკოკარტელის ლიდერის მკვლელობას ქვეყნის რამდენიმე შტატში არეულობა მოჰყვა

ფოტო: Reuters

 

კვირას, 22 თებერვალს, ხალისკოს შტატის ქალაქ ტაპალპაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოკარტელის, „ხალისკოს ახალი თაობის“ (CJNG) ლიდერი, ნემესიო რუბენ ოსეგერა სერვანტესი, მეტსახელად „ელ მენჩო“, მოკლეს. ნარკობარონის სიკვდილს მექსიკის რამდენიმე შტატში მასშტაბური არეულობა მოჰყვა. ხელისუფლების ცნობით, კარტელის წევრებმა 20 შტატის 250-ზე მეტ ლოკაციაზე გზები გადაკეტეს და მოსახლეობაში პანიკის დათესვის მიზნით კვამლი გაუშვეს.

ხალისკოს, მიჩოაკანისა და გუანახუატოს ადგილობრივი მმართველობის განცხადებით, ამ ეტაპზე სულ მცირე 14 ადამიანია დაღუპული, მათ შორის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს კვამლი, რომელმაც ქალაქი პუერტო-ვალიარტა მოიცვა, და პანიკაში მყოფი ადამიანები, რომლებიც შტატის დედაქალაქის, გვადალახარის აეროპორტს ტოვებენ. იმ დროისთვის აეროპორტში დაახლოებით 300 ვიზიტორი იმყოფებოდა, ისინი ქალაქის ცენტრში პოლიციის ესკორტის თანხლებით, კოლონით გადაიყვანეს.

მექსიკურმა და საერთაშორისო ავიაკომპანიებმა ფრენები გააუქმეს, ქვეყნის რამდენიმე შტატში კი სასწავლო პროცესი შეწყდა. მექსიკის ხელისუფლებამ მშვიდობიან მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა. აშშ-მა საკუთარ მოქალაქეებს თავშესაფრებისთვის თავის შეფარება ურჩია. კარტელის წევრებმა ცეცხლი წაუკიდეს ათობით ბანკსა და ადგილობრივ ბიზნესობიექტებს, მათ შორის აფთიაქებს. ქუჩებში დაწვეს ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის ბლოკადების თითქმის 90% მოხსნილია, თუმცა დაძაბულობა კვლავ მაღალია, განსაკუთრებით – CJNG-ის მთავარ ბაზაზე, ხალისკოში. დაკავებულია 25 პირი: მათგან თერთმეტს ძალადობრივ აქტებში მონაწილეობა ედება ბრალად, ხოლო თოთხმეტს — შესაძლო ძარცვა და ყაჩაღობა. მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის დიდ ნაწილში ვითარება სტაბილურია.

თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, სერვანტესი სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და მეხიკოში გადაყვანისას გარდაიცვალა. კარტელისთვის, რომელიც აშშ-ში ფენტანილისა და სხვა ნარკოტიკების დიდი რაოდენობით ტრეფიკინგითაა ცნობილი, ტაპალპა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზაა. სპეცოპერაციისას კარტელის წევრებმა ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი კი, მათ შორის სერვანტესი, მიღებული ჭრილობებით მოგვიანებით გარდაიცვალა. ამოღებულია ჯავშანტექნიკა, რაკეტების გამშვები მოწყობილობები და სხვა იარაღი.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა, პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ სპეცოპერაციას სადაზვერვო მხარდაჭერა აშშ-ის ხელისუფლებამ გაუწია. „ელ მენჩო“, როგორც ფენტანილის ერთ-ერთი მთავარი ტრეფიკერი, ორივე ქვეყნის მთავარი სამიზნე იყო“, — აღნიშნა ლევიტმა და მექსიკელი სამხედროები წარმატებული ოპერაციისთვის შეაქო.

2009 წელს ჩამოყალიბებული „ხალისკოს ახალი თაობა“ მექსიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სწრაფად მზარდი კრიმინალური ორგანიზაციაა. „ელ მენჩოს“ დასაკავებლად საჭირო ინფორმაციისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს $15 მილიონი ჰქონდა დაწესებული.