მერაბ დვალიშვილი ქამარს 5 ოქტომბერს, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს

მერაბ დვალიშვილი ქამარს 5 ოქტომბერს, კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქე ცნობილია. დვალიშვილი ქამარს ამერიკელი კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს. ორთაბრძოლა 5 ოქტომბერს, UFC 320-ის ღონისძიების ფარგლებში, T-Mobile Arena-ზე გაიმართება.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის დივიზიონის ქამარი უკვე სამჯერ დაიცვა: ორჯერ ამერიკელი შონ ო’მალის წინააღმდეგ, ერთხელ კი დაღესტნელ მებრძოლ უმარ ნურმაგომედოვთან.

დვალიშვილი UFC-ის P4P-რეიტინგში ამ დრისთვის მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი ილია თოფურიაა, რომელიც რეიტინგში ჩარლზ ოლივეირას დამარცხებისა და ამ დივიზიონის ქამრის მოპოვების შემდეგ გალიდერდა. შედეგად, ისლამ მახაჩევმა, რომელიც P4P-რეიტინგში პირველობას 2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული არ თმობდა, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

რაც შეეხება მერაბის მომდევნო მეტოქეს, კორი სენდჰეგენი UFC-ის ყველა წონის საუკეთესო მებრძოლების თხუთმეტეულს მიღმაა, თუმცა სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ამერიკულმა მედიაჰოლდინგმა, ESPN-მა, UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში საუკეთესო მებრძოლად დაასახელა. მერაბმა კუთვნილი ჯილდო უკვე მიიღო.

აქვე გეტყვით, რომ UFC 320-ზე მთავარი ორთაბრძოლა ქვემძიმე წონის საჩემპიონო რემატჩი იქნება, რომელშიც ერთმანეთს დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი, მაგომედ ანკალაევი და ალექს პერეირა დაუპირისპირდებიან.