UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი, რუს მეტოქესთან, პიოტრ იანთან დამარცხდა და სუპერმსუბუქი წონის ქამარი დათმო. დვალიშვილმა ხუთრაუნდიან ორთაბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით წააგო.
აღსანიშნავია, რომ ეს მერაბისთვის ერთ კალენდრულ წელიწადში ქამრის დაცვის მეოთხე დაპირისპირება იყო. იმ შემთხვევაში, თუ ორთაბრძოლა დვალიშვილის გამარჯვებით დასრულდებოდა, ის UFC-ის ისტორიაში პირველი სპორტსმენი გახდებოდა, რომელმაც საჩემპიონო ქამარი ერთ წელიწადში ოთხჯერ დაიცვა.
თუმცა მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა. მერაბი პირველ რაუნდში შედარებით კარგად გამოიყურებოდა და რუს მეტოქეს არაფერს უთმობდა. მეორე რაუნდში ქართველმა ცხვირის მძიმე დაზიანება მიიღო და იანის თეიქდაუნიც ვიხილეთ, მაგრამ ბრძოლის სადავეების ხელში ჩაგდების შანსი მაინც არსებობდა, რადგან დვალიშვილმა იანს რამდენიმე კარგი დარტყმა გაუტარა.
სურათი შეიცვალა მესამე რაუნდიდან, რომელშიც ძლიერი დარტყმებით უკვე აშკარად გამოირჩეოდა რუსი მეტოქე. თუმცა მერაბმა მისი მხარზე გადაკიდება და შოუს დადგმა მაინც მოახერხა. მეოთხე რაუნდში ქართველმა რუსისგან ტანში საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო. ბოლო რაუნდში კი მერაბი უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა იანთან ვერაფერი გააწყო და საბოლოოდ გამარჯვებაც ამ უკანასკნელს დარჩა.














