მედიკამენტების მწარმოებელი Merck-ი, კიბოს თერაპიების განვითარებაზე ერთობლივი მუშაობისთვის, Daiichi Sankyo-ს $5.5 მილიარდს გადაუხდის. შეთანხმება, უჯრედებზე მიმართული თერაპიების წარმატების შემთხვევაში, შესაძლოა იაპონური ფირმისთვის $22 მილიარდის ღირებულებისაც კი გახდეს.
გარიგების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, Daiichi-ის აქციების ფასი ტოკიოში ვაჭრობის დახურვისას 14.4%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მკვეთრი ზრდა იყო ფირმისთვის უკანასკნელი ერთ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. იაპონური Daiichi-ის მიზანი, 2026 წლის 31 მარტს დასრულებული ფისკალური წლისთვის, ონკოლოგიური ბიზნესიდან მინიმუმ $6 მილიარდის შემოსავლის მიღებაა – დაახლოებით ხუთმაგი ზრდა სამწლიან პერიოდში.
Merck-თან თანამშრომლობით, იაპონური ფირმა წამლის სამ შესაძლო პრეპარატზე მუშაობას გეგმავს. მრავლობითი სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტების შემუშავება, რომლებიც ანტისხეულების წამლის კონიუგარების (ADC) სახელით ცნობილ კლასს მიეკუთვნებიან, კლინიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა. ჩვეულებრივი ქიმიოთერაპიისგან განსხვავებით, რომელიც ჯანსაღ უჯრედებსაც ანადგურებს, ADC-ი მხოლოდ კიბოს უჯრედებს მიემართება და პოტენციურად ამცირებს სხვა უჯრედების დაზიანების შანსს.
პრეპარატებს შორის, რომლებზეც ფირმები შეთანხმების ფარგლებში აპირებენ მუშაობას, ვხვდებით patritumab deruxtecan-ს, ifinatamab deruxtecan-სა და raludotatug deruxtecan-ს. კომპანიების განცხადებით, თითოეულ წამალს მათთვის 2030-იანი წლების შუა პერიოდისთვის მრავალმილიარდიანი გლობალური კომერციული შემოსავლის მოტანის პოტენციალი აქვს.
კომპანიები ერთობლივად განავითარებენ და პოტენციურად კომერციალიზაციას გაუწევენ სამუშაო პრეპარატებს მთელ მსოფლიოში, გარდა იაპონიისა, სადაც Daiichi Sankyo ექსკლუზიურ უფლებებს შეინარჩუნებს.
შეთანხმების ფარგლებში, საწყის ეტაპზე, Merck-ი იაპონურ ფირმას – $4 მილიარდს, მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი დამატებით $1.5 მილიარდს გადაუხდის. გაყიდვების ეტაპის მიხედვით, Daiichi-მ შესაძლოა პარტნიორი კომპანიისგან დამატებით $16.5 მილიარდიც მიიღოს, ან $5.5 მილიარდი – თითოეული პროდუქტისთვის.