Axios-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Meta AI-სუპერინტელექტის ლაბორატორიებიდან დაახლოებით 600 თანამშრომელს გაათავისუფლებს. მისივე ცნობით, შემცირება შეეხება კომპანიის რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის FAIR AI-ის კვლევით ლაბორატორიას, ხელოვნური ინტელექტის პროდუქტის განყოფილებას და AI-ინფრასტრუქტურის გუნდს.
როგორც ირკვევა, ცვლილებები არ შეეხება Meta-ს ახლად შექმნილ TBD-ლაბორატორიას, რომელიც შემდეგი თაობის დიდი ენობრივი მოდელების განვითარებაზე მუშაობს.
Meta-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ვანგმა, შემცირებები რესტრუქტურიზაციის ნაბიჯად შეაფასა. მისივე თქმით, შემცირებები „ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ნაკლები კომუნიკაცია იქნება საჭირო, ხოლო თითოეულ თანამშრომელს მეტი პასუხისმგებლობა და გავლენა ექნება“.
მემორანდუმში აღნიშნულია, რომ თანამშრომლები თავიანთ სამუშაო სტატუსს ოთხშაბათის დილამდე გაიგებენ და სურვილის შემთხვევაში შეძლებენ, განაცხადი Meta-ს სხვა პოზიციებზე გააკეთონ.
ამ ნაბიჯმა კომპანიის აქციების ფასზე მცირე გავლენა მოახდინა. Meta-ს აქციების ღირებულება დაახლოებით 0.6%-ით დაეცა, თუმცა ეს მაჩვენებელი ძირითადი საფონდო ინდექსების ვარდნასთან შედარებით უმნიშვნელოა.