Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი Meta Platforms-ი დამატებით 10,000 სამუშაო ადგილს ამცირებს, რაც კომპანიაში დასაქმებულთა დაახლოებით 12%-ის გათავისუფლებას ნიშნავს. ამის შესახებ Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა სამშაბათს განაცხადა.
შეგახსენებთ, ნოემბერში ცუკერბერგის კომპანიამ დასაქმებულთა რაოდენობა 11,000-ით უკვე შეამცირა, რაც Meta-ს ხელმძღვანელმა ხარჯების კლებითა და უფრო ეფექტიან კომპანიად გადაქცევის მიზნით ახსნა. მან თანამშრომელთა გათავისუფლების ახალი რაუნდი კვლავ ხარჯების შემცირების სურვილს დაუკავშირა.
როგორც ცნობილია, Meta-დან თანამშრომელთა გაშვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. ასევე, ირკვევა, რომ სამუშაო ადგილების შემცირება კომპანიის ბიზნესის, რეკრუტინგისა და ტექნოლოგიების გუნდებს შეეხება.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებით, Meta-ს ხარჯები წლიურად 22%-ით გაიზარდა და $25.8 მილიარდს მიაღწია, ხოლო მთლიანი გაყიდვები 4%-ით $32 მილიარდამდე შემცირდა.