Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა, კომპანიის ახალი ჭკვიანი სათვალე, Meta Ray-Ban Display წარადგინა. სათვალეში პატარა ციფრული ეკრანია ჩაშენებული, რომელიც, ნეიროტექნოლოგიური სამაჯურის დახმარებით, მხოლოდ ხელის ჟესტებით იმართება. Ray-Ban Display-ის ღირებულება $799-ია.
ამერიკული კომპანიის ახალი პროდუქტი Ray-Ban Meta-ს აუდიოტიპის ჭკვიანი სათვალეებისა და ექსპერიმენტული Orion-ის გაფართოებული რეალობის (AR) სათვალეების ხაზის ნაწილია. AR-მოწყობილობა, რომელიც ციფრულ და ფიზიკურ სამყაროს აერთიანებს, მარკ ცუკერბერგის მიერ სმარტფონების რეალურ ალტერნატივად აღიქმება.
ცუკერბერგის განცხადებით, Meta Ray-Ban Display კლასიკური Ray-Ban-ის სტილისაა, თუმცა ის ამავდროულად პირველი AI-სათვალეა, რომელიც მაღალი გარჩევადობის ეკრანითაა აღჭურვილი და ნეიროტექნოლოგიით იმართება. ამისათვის სათვალეს Meta Neural Band-ის EMG-სამაჯური მოყვება, რომელიც მომხმარებელს მოწყობილობის ხელის ჟესტებით მართვის საშუალებას აძლევს.
Meta-ს ახალი ჭკვიანი სათვალით მომხმარებლებს ვიდეოების ყურება, ტექსტური შეტყობინებების ნახვა და მათზე პასუხის გაცემა შეეძლებათ. ამასთან ერთად, ცუკერბერგის ინფორმაციით, ეკრანი ხედვის არეალს არ ბლოკავს და ქრება იმ შემთხვევაში, თუ მას მოხმარებელი არ იყენებს. ცნობისთვის, სათვალე აშშ-ის ბაზარზე გაყიდვაში 30 სექტემბერს ჩაეშვება.
ოთხშაბათის ღონისძიებაზევე, ცუკერბერგმა Oakley Meta Vanguard-ის ჭკვიანი სათვალე წარადგინა, რომელიც მაღალი ინტენსივობის სპორტით დაკავებული პირებისთვისაა განკუთვნილი. მათ შორის, სნოუბორდისა და სამთო ველორბოლის მოყვარულთათვის. Oakley-ს ბრენდის სათვალე გაყიდვაში 21 ოქტომბრიდან ჩაეშვება და მისი საცალო ფასი $499 იქნება.