ფოტო: David Paul Morris/Bloomberg
ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ ნახევარგამტარების ამერიკულ მწარმოებელ AMD-სთან AI-ჩიპების შესყიდვაზე შეთანხმება გააფორმა. გარიგების ფარგლებში, Meta ხელოვნური ინტელექტის განსავითარებლად AMD-სგან 6 გიგავატი სიმძლავრის ახალი თაობის გრაფიკულ პროცესორებს (GPU) მიიღებს.
Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, AMD-სთან თანამშრომლობა კომპანიას „ეფექტიან ლოგიკური დამუშავების გამომთვლელზე“ წვდომას მისცემს, რაც AI-ის მიერ დავალებების შესრულებისა და პასუხების გენერირების პროცესს დააჩქარებს, ხარჯებს კი შეამცირებს. გარიგების ფინანსური მოცულობა ამ ეტაპზე ოფიციალურად უცნობია, თუმცა, წყაროებზე დაყრდნობით, ამერიკული Forbes-ი ვარაუდობს, რომ ღირებულება ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს.
დამატებით, გარიგების პირობებით, ცუკერბერგის კომპანია AMD-ის აქციების შესყიდვაზე სპეციალურ შეღავათებსაც მიიღებს. ეს გულისხმობს AMD-ის 160 მილიონამდე აქციის შეძენას, თითო აქციაზე $0.01-ის შეფასებით. Meta აქციების პირველი ტრანშის შეძენას AMD-ის მიერ პირველი გიგავატის მიწოდების შემდეგ შეძლებს. დარჩენილი ნაწილი კი სხვა გიგავატების მიღების შესაბამისად იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა ბოლო ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ შეთანხმების დასრულების დროისთვის AMD-ის აქციების ღირებულება $600-მდე გაიზრდება.
გარიგების პირობები თითქმის იდენტურია გასული წლის ოქტომბერში AMD-სა და OpenAI-ს შორის გაფორმებული შეთანხმების. ამ შემთხვევაშიც, OpenAI მწარმოებლისგან სიმბოლური, $0.01-იანი ღირებულებით, 160 მილიონამდე აქციის შეძენას შეძლებს, თუმცა 10%-იანი წილის მისაღებად, ბოლო გადახდისთვის, AMD-ის აქციების ღირებულება $600-მდე უნდა იყოს გაზრდილი.
სამშაბათს, Meta-სთან შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, AMD-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 7%-ით გაიზარდა და აქციაზე $210-იანი შეფასებით ივაჭრებოდა. აქციების ფასის მატების გავლენით, AMD-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლისა სუს ქონება 5%-ით გაიზარდა და $1.4 მილიარდს მიაღწია.














