Meta-მ აშშ-ში ფაქტების გადამოწმების პროგრამა შეაჩერა

Meta-მ აშშ-ში ფაქტების გადამოწმების პროგრამა შეაჩერა

სოციალურმა მედიაპლატფორმა Meta-მ აშშ-ში ფაქტების გადამოწმების ძირითადი პროგრამა შეაჩერა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების პრინციპებთან დაბრუნებით აიხსნება.

პოლიტიკური ანალიტიკოსები ცუკერბერგის გადაწყვეტილებას აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საერთო ენის გამონახვის მცდელობას უკავშირებენ. მოგეხსენებათ, დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები, მათ შორის X-ის მფლობელი ილონ მასკი, მსგავსი შეზღუდვების წინააღმდეგნი არიან.

კომპანიის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ტერიტორიაზე განთავსებული მასალა ფაქტების გადამოწმების პროცედურას აღარ გაივლის. ცვლილებები Meta-ს მფლობელობაში არსებულ სამივე ძირითად სოცმედიაპლატფორმას: Facebook-ს, Instagram-სა და Threads-ს შეეხება. ცნობისთვის, სამივე პლატფორმას ჯამში 3 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

საინტერესოა, რომ გასულ კვირას Meta-ს აღმასრულებელ გუნდს რესპუბლიკელი ჯოელ კაპლანი და ტრამპთან დაახლოებული ფიგურა, UFC-ის ხელმძღვანელი დანა უაიტი შეუერთდნენ.

„ჩვენ მივაღწიეთ ნიშნულს, როდესაც დაშვებულია ზედმეტად ბევრი შეცდომა და არსებობს ზედმეტად ბევრი ცენზურა. დროა, დავუბრუნდეთ გამოხატვის თავისუფლების ფესვებს“, – განაცხადა მარკ ცუკერბერგმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. Meta-ს დამფუძნებელმა მიმართვაში კომპანიის გადაწყვეტილებაზე აშშ-ის არჩევნების შედეგების გავლენაზეც ისაუბრა.