მარკ ცუკერბერგის Meta-მ Twitter-ის კონკურენტი პლატფორმა ოფიციალურად გაუშვა. Threads-ი მასკის სოციალური ქსელის მსგავსი ტექსტური სასაუბრო აპლიკაციაა, კონტენტის მოწონების, გაზიარების, პოსტების გამოქვეყნებისა და ხელახალი გამოქვეყნების (repost) ფუნქციით.
ოფიციალურად გაშვებიდან რამდენიმე საათში, ცუკერბერგის ახალმა პლატფორმამ მილიონობით მომხმარებელი მიიზიდა. Threads-ს უკვე შეუერთდნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი და ჯენიფერ ლოპესი. „მოდით, ეს გავაკეთოთ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Threads-ში“, – წერს ცუკერბერგი პლატფორმაზე თავის პირველ პოსტში და აღნიშნავს, რომ გაშვებიდან მხოლოდ ოთხ საათში პლატფორმაზე 5 მილიონზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.
Meta-ს ახალი სოციალური პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ქვეყანაში, როგორც iOS-ის, ასევე Android-ის მომხმარებლებისთვის. Threads-ით სარგებლობა ამ ეტაპისთვის დაშვებული არ არის ევროკავშირში, რადგან ცუკერბერგის აპლიკაციას ჯერჯერობით ბლოკის მარეგულირებლების ნებართვა არ მიუღია.
Meta-ს ახალ სოციალურ პლატფორმაზე მაქსიმუმ 500-სიმბოლოიანი ტექსტის გამოქვეყნებაა შესაძლებელი. მომხმარებელი აპლიკაციის საშუალებით ფოტოსა და 5 წუთამდე ხანგრძლივობის ვიდეო მასალასაც განათავსებს. Threads-ის პლატფორმა პირდაპირ დაკავშირებულია Instagram-თან და მომხმარებლები თავიანთი სოციალური ქსელის ანგარიშების გამოყენებასა და გამოწერილი ანგარიშების შენარჩუნებას შეძლებენ.