ონლაინსივრცეში გავლენის ოპერაციების განხორციელების ბრალდებით, Facebook-ის მფლობელმა Meta-მ საკუთარ სოციალურ ქსელებში რუსული სახელმწიფო მედიაქსელ Russia Today-სა და სხვა მედიასააგენტოების ანგარიშების აკრძალვა გადაწყვიტა.
წლების განმავლობაში Meta რუსულ სახელმწიფო მედიასააგენტოებს სხვადასხვა სახის შეზღუდვებს უწესებდა. Russia Today-ს საქმიანობა რეკლამების განთავსების აკრძალვისა და წვდომის შემცირებით იზღუდებოდა. თუმცა Meta-მ აღნიშნული მედიების ანგარიშების საკუთარი პლატფორმებიდან საბოლოოდ წაშლის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილების იმპლემენტაცია რამდენიმე დღეში მოხდება. Russia Today-ს ანგარიშები აიკრძალება Facebook-ზე, Instagram-ზე, Whatsapp-სა და Threads-ზე.
Meta-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა კრემლიც. პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯებით Meta საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს და რუსული მედიის წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული ქმედებები მიუღებელია. პესკოვის განმარტებით, გადაწყვეტილება Meta-სთან ურთიერთობების დალაგების პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა 2022 წელს Meta „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა, ქვეყანაში კი სოციალური მედიის პლატფორმები, Facebook-ი და Instagram-ი აკრძალა.
რუსეთში კვლავ აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელ Telegram-ს, რომლის დამფუძნებელი პაველ დუროვი გასულ თვეს საფრანგეთში დააკავეს.