ფოტო: Kyle Grillot / Bloomberg via Getty Images
Meta-ს აქციონერმა მეთ ეისნერმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგისა და სხვა ხელმძღვანელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეისნერი ამტკიცებს, რომ კომპანიის მენეჯმენტმა სოციალურ ქსელებში ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოებაზე ზრუნვაზე წინ მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა დააყენა, ხოლო ინვესტორებს პლატფორმების უსაფრთხოების შესახებ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მიაწოდა.
656-გვერდიანი სარჩელი სამშაბათს ჩრდილოეთ კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში შევიდა. მოპასუხეებს შორის ცუკერბერგთან ერთად Meta-ს კიდევ 25 ხელმძღვანელი და დირექტორთა საბჭოს წევრია. სარჩელში კომპანია Meta Platforms-იც არის დასახელებული, როგორც ფორმალური მოპასუხე.
ეისნერის მტკიცებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა საჯაროდ შექმნეს ისეთი წარმოდგენა, თითქოს Meta მომხმარებელთა ჩართულობისა და ზრდის მიმართულებით სისტემურ პრობლემებს არ აწყდებოდა. ამასთან, აქციონერის განცხადებით, კომპანიის მენეჯმენტი ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოების შესახებ ცრუ გარანტიებს გასცემდა, რეალურად კი პლატფორმების ალგორითმები ისეთ კონტენტს აძლევდა უპირატესობას, რომელიც მომხმარებელთა ჩართულობას, მათ შორის ნეგატიურ რეაქციებსა და ტოქსიკურ ქცევას, ზრდიდა.
სარჩელში ასევე ნათქვამია, რომ Meta-ს 2024 წლის წლიური ანგარიშგება აქციონერებისთვის არსებითად შეცდომაში შემყვანი იყო, რადგან სათანადოდ არ ასახავდა, როგორ იცავდა კომპანია არასრულწლოვან მომხმარებლებს სოციალურ ქსელებში და რა რისკის წინაშე იდგა ამ მიმართულებით.
ეისნერი Instagram-ის ხელმძღვანელს, ადამ მოსერისაც უპირისპირდება. მისი მტკიცებით, მოსერიმ მომხმარებლებისთვის მოწონებების რაოდენობის დამალვის ფუნქცია არჩევითად დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის კვლევებით, მოწონებების რაოდენობის დამალვა სოციალურ ქსელში მავნე შედარებებს ამცირებდა. აქციონერის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი მომხმარებელთა ჩართულობის შენარჩუნება იყო და არა ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა.
სარჩელის მიხედვით, კომპანიის ხელმძღვანელების შეცდომაში შემყვანმა განცხადებებმა Meta-ს ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ეისნერი ამტკიცებს, რომ ამ განცხადებებმა კომპანიის აქციების ფასი ხელოვნურად გაზარდა, რის შედეგადაც Meta-მ საკუთარი აქციების გამოსყიდვისას ზედმეტი თანხა გადაიხადა. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ამგვარი ზედმეტი გადახდის მოცულობამ $26.26 მილიარდი შეადგინა.
აქციონერი კომპანიისთვის მიყენებულ ზიანს სხვა გარემოებებსაც უკავშირებს, მათ შორის აგვისტოში მიღწეულ $17-მილიარდიან შეთანხმებას. ის ასევე მიუთითებს 2021 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში გამოსყიდულ და შემდგომ გაუქმებულ აქციებზე, რომელთა ღირებულებამ $25.63 მილიარდი შეადგინა.
ეისნერი სასამართლოსგან მოპასუხეების მიერ შესაბამისი ინფორმაციის საჯაროდ გასწორებას მოითხოვს. ამასთან, სარჩელში მოთხოვნილია, რომ სასამართლომ Meta-ს აქციონერთა კრების გამართვა მანამდე აუკრძალოს, სანამ კომპანია ინვესტორებს ყველა საჭირო ინფორმაციას არ მიაწვდის.
ეს Meta-სა და მარკ ცუკერბერგის წინააღმდეგ ეისნერის პირველი სასამართლო დავა არ არის. მან კომპანიის ხელმძღვანელებს ბავშვთა უსაფრთხოების საკითხზე აქციონერების შეცდომაში შეყვანაში პირველად 2024 წელს დასდო ბრალი და სასამართლოსგან კომპანიის წლიური კრების გადადება მოითხოვა.
თუმცა სან-ფრანცისკოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჩარლზ ბრეიერმა, მაშინ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მისი შეფასებით, ეისნერმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, რომ Meta-ს მიერ უსაფრთხოების რისკის არასათანადოდ გამჟღავნებამ აქციონერებს ეკონომიკური ზიანი მიაყენა.
მიმდინარე სარჩელით ეისნერი ამტკიცებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებებმა არა მხოლოდ ინვესტორები შეიყვანა შეცდომაში, არამედ Meta-ს ფინანსურ გადაწყვეტილებებზეც უარყოფითად იმოქმედა.
Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი









