2023 წელს მსოფლიოს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს ხარჯების, თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება და ბიზნესის სტრატეგიის შეცვლა მოუწიათ. როგორც ჩანს, არჩეულმა ტაქტიკებმა ინვესტორთა სასარგებლოდ იმოქმედა.
გასული წლის ბოლო კვარტალის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ Meta-ს და Amazon-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, საერთო ჯამში, 280 მილიარდი დოლარით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023-ში Meta-მ პერსონალი 22%-ით შეამცირა, Amazon-მა კი 35,000-მდე თანამშრომელი დაითხოვა.
მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ Meta-ს აქციების ღირებულება 14%-ით, კაპიტალიზაცია კი 140 მილიარდზე მეტით, 1.16 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ბოლო კვარტალში Meta-ს შემოსავალი 25%-ით, 40 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი, წმინდა შემოსავალმა კი 14 მილიარდი დოლარი შეადგინა – სამჯერ მეტი, ვიდრე წინა წლის შესაბამის პერიოდში.
კომპანიამ ასევე დააანონსა, რომ ინვესტორებს დივიდენდებს ისტორიაში პირველად გადაუხდის, 2024 წლისთვის კი კომპანიის მთავარი საინვესტიციო სამიზნე ხელოვნური ინტელექტი იქნება, რამაც სარეკლამო კამპანიის წარმართვას უნდა შეუწყოს ხელი.
რაც შეეხება Amazon-ს, მისი აქციების ღირებულება – 8%-ით, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 1.78 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
კომპანიის შემოსავალმა ბოლო კვარტალში 24.2 მილიარდი შეადგინა, რაც ონლაინგაყიდვების ზრდის დამსახურება იყო.
გაიზარდა Apple-ის გაყიდვებიც, თუმცა კომპანია კვლავ სირთულეებს აწყდება ჩინეთის ბაზარზე – ამ რეგიონში შემოსავალმა წლიურად 13%-ით დაიკლო. სამაგიეროდ, გაყიდვებმა მოიმატა ევროპასა და იაპონიაში.
საერთო ჯამში, კომპანიის შემოსავალმა 119.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 2%-ით მეტია. ტრადიციულად, გაყიდვების უდიდესი ნაწილი, თითქმის 70 მილიარდი დოლარი, iPhone-ზე მოდის.
მიუხედავად მცირე ზრდისა, შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციების ღირებულებამ მაინც 3.3%-ით დაიკლო, საბაზრო კაპიტალიზაცია 70 მილიარდი დოლარით შემცირდა. როგორც ჩანს, ამ შედეგებმა ინვესტორთა განწყობაზე დადებითი გავლენა ვერ მოახდინა.