Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის, ყოფილი საოპერაციო დირექტორის შერილ სენდბერგისა და Facebook-თან დაკავშირებული სხვა მილიარდერების წინააღმდეგ ოთხშაბათს დელავერის შტატში სასამართლოში პროცესი დაიწყო. ერთკვირიანმა სასამართლო პროცესმა უნდა გადაწყვიტოს, მოუწევთ თუ არა კომპანიის ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელებს კონფიდენციალურობის შესახებ შეთანხმების განზრახ დარღვევისთვის ზარალის ასანაზღაურებლად $8 მილიარდი გადაიხადონ.
Facebook-ის აქციონერებმა კომპანიის ხელმძღვანელობას 2018 წელს უჩივლეს და განაცხადეს, რომ მათ შეგნებულად დაარღვიეს ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან დადებული შეთანხმება, მომხმარებლების მეგობრების შესახებ მონაცემების მესამე მხარის აპლიკაციებთან გაზიარებით, ამ მეგობრების ინფორმირების გარეშე.
შეგახსენებთ, Facebook-მა, რომელმაც 2021 წელს სახელი შეიცვალა და Meta-დ რებრენდინგდა, 2012 წელს ფედერალურ სავაჭრო კომისიასთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კომპანია დათანხმდა შეექმნა „ყოვლისმომცველი კონფიდენციალურობის პროგრამა“, რათა კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემები მოეგვარებინა. ასევე აიღო ვალდებულება, არ მოატყუებინა მომხმარებლები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებდა და ავრცელებდა კომპანია მათ ინფორმაციას.
მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ Facebook-ი მესამე მხარის აპებს (სხვადასხვა გარე კომპანიების აპლიკაციებს) ისევ აძლევდა მომხმარებელთა მეგობრების მონაცემებზე წვდომას – მათ შორის იმ მეგობრების მონაცემებზე, ვინც იმ აპლიკაციას თავად არ იყენებდა. მათივე თქმით, ცუკერბერგმა, სენდბერგმა და Facebook-ის ხელმძღვანელობამ შეგნებულად არ შეასრულეს ეს შეთანხმება, რადგან მათ კონკრეტულ კომპანიებთან დადეს შეთანხმებები, რის საფუძველზეც ამ კომპანიებს მომხმარებლების მეგობრების მონაცემებზე წვდომას აძლევდნენ.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ Facebook-ი მონაცემების გაზიარებასთან დაკავშირებით შეთანხმებებს ახორციელებდა კომპანიებთან, რომლებსაც ვენჩურული კაპიტალისტები მარკ ანდრესენი და პიტერ ტილი მართავენ, ასევე Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი რიდ ჰასტინგსი. აღსანიშნავია, რომ ისინი Facebook-ის საბჭოს წევრებიც იყვნენ. აქციონერები მოპასუხეებისგან ზიანის ანაზღაურებისთვის 8 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვენ.
ეს საკითხი ფართოდ გახდა ცნობილი „Cambridge Analytica-ს სკანდალის“ დროს. სწორედ ამ დროს გაირკვა, რომ ამჟამად გაუქმებულმა პოლიტიკურმა საკონსულტაციო ფირმამ, რომელიც 2016 წელს დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მუშაობდა, Facebook-ის მილიონობით მომხმარებლის მონაცემებზე წვდომა მოიპოვა. სავარაუდოდ, აშშ-ის 2016 წლის არჩევნებისა და Brexit-ის დროს Cambridge Analytica-მ ეს მონაცემები კომპანიის ინტერესებისთვის გამოიყენა. სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ Facebook-ი Cambridge Analytica-ს „მოტყუების“ მსხვერპლი გახდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გამართული სასამართლო პროცესის პირველი მოწმე ჯეფრი ზიენტსი იყო, აშშ-ის თეთრი სახლის აპარატის უფროსი ჯო ბაიდენის დროს და Meta-ს დირექტორი 2018-2020 წლებში. მისი თქმით, 2019 წელს FTC-მ კომპანია Meta-სგან თავდაპირველად „ათობით მილიარდი დოლარი“ მოითხოვა, მაგრამ მზად იყო 5 მილიარდი დოლარი მიეღო და კომპანიამ მიიჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელშიც ცუკერბერგი ბრალდებულად არ იქნებოდა დასახელებული.
„არ არსებობდა არანაირი მინიშნება იმისა, რომ მან რამე არასწორი ჩაიდინა“, – განუცხადა ზიენტსმა სასამართლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ცუკერბერგი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე „მამოძრავებელ ძალას“ წარმოადგენდა და „მნიშვნელოვანი იყო, რომ მას ამ თანამდებობაზე მუშაობა გაეგრძელებინა“.
სასამართლო პროცესი ოთხშაბათს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება. მოსამართლე კეტლინ მაკკორმიკი, რომელმაც გასულ წელს ილონ მასკის 56 მილიარდი დოლარის ოდენობის Tesla-ს ანაზღაურების პაკეტი გააუქმა, გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სასამართლო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვეში მიიღებს.
ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი ცუკერბერგის ქონებას ოთხშაბათის მონაცემებით 242.3 მილიარდ დოლარად აფასებს, რაც მას მსოფლიოში მესამე უმდიდრეს ადამიანად აქცევს. აღსანიშნავია, რომ სარჩელში დასახელებული ბრალდებულების უმეტესობა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა, სენდბერგი – 2.4 მილიარდი დოლარის ქონებით, ანდრესენი – 2 მილიარდი დოლარით, ტილი – 22.7 მილიარდი დოლარით და ჰასტინგსი – 6.8 მილიარდი დოლარით.