Meta WhatsApp-ს რეალურ დროში თარგმნის ფუნქციას უმატებს

Meta WhatsApp-ს რეალურ დროში თარგმნის ფუნქციას უმატებს

Meta-მ თავისი პოპულარული შეტყობინებების აპლიკაცია WhatsApp-ისთვის რეალურ დროში ენის თარგმნის ფუნქციის დამატების გადაწყვეტილება მიიღო. მიზანი მსოფლიოს მილიარდობით მომხმარებელს შორის კომუნიკაციის გამარტივებაა.

Meta-ს ცნობით, რომელიც ასევე ფლობს Facebook-სა და Instagram-ს, WhatsApp-ზე თარგმანები თავდაპირველად iPhone-ებისთვის 19 ენაზე და Android-ებისთვის ექვს ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო მოგვიანებით სხვა ენებიც დაემატება.

მომხმარებლები, რომლებიც WhatsApp-ის შეტყობინების თარგმნას მოისურვებენ, ტექსტზე თითის ხანგრძლივად დაჭერით თარგმნის ფუნქციის გააქტიურებას და ენის არჩევას შეძლებენ – Apple-ის iMessage-ში უკვე ხელმისაწვდომი ენის თარგმანების ფუნქციის მსგავსად. Android-ის მომხმარებლები ასევე შელებენ თარგმანის ფუნქციის ავტომატურად ჩართვას WhatsApp-ის მთელი მიმოწერისთვის.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს ფუნქცია ხელს შეუწყობს ენობრივი ბარიერების დანგრევას და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს უფრო მეტად დაუკავშირდნენ ერთმანეთს“, – განაცხადა Meta-მ ბლოგპოსტში, სადაც სიახლე გააჟღერა.

Android-ის მომხმარებლებისთვის თავდაპირველად თარგმანი ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ, ესპანურ, პორტუგალიურ, რუსულ, არაბულ ენებსა და ჰინდიზე.

iPhone-ის მომხმარებლებს კი ჩამოთვლილი ენების გარდა წვდომა ექნებათ ასევე ნიდერლანდურ, ფრანგულ, გერმანულ, ინდონეზიურ, იტალიურ, იაპონურ, კორეულ, ჩინურ (მანდარინი), პოლონურ, ტაილანდურ, თურქულ, უკრაინულ და ვიეტნამურ ენებზე.

Meta-ს ინფორმაციით, WhatsApp-ს მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სამ მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.