მეტი, ვიდრე სწავლა და სწავლება

მეტი, ვიდრე სწავლა და სწავლება

SCIENTIEA ET VERITAS-ი გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის MOTTO-ა. უნივერსიტეტი, რომელიც 1992 წელს მამუკა თავხელიძემ დააფუძნა, დღეს 3500-ზე მეტ სტუდენტს სამედიცინო სფეროს, სამართლის, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სოციალური მეცნიერებების დაუფლებაში ეხმარება. იმ უნივერსიტეტის საქმეებს, რომელიც სასწავლო სტომატოლოგიურ კლინიკასაც ფლობს და კამპუსის ჩამოყალიბებასაც იწყებს, მამუკა თავხელიძის შვილი, კანცლერი გიორგი თავხელიძე უძღვება.

გიორგი 20 წლის იყო, როცა “გრუნიში” მუშაობა დაიწყო. თავიდან, იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბოლო კურსზე სწავლის პარალელურად, ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდა, შემდეგ კი რექტორის თანაშემწე გახდა. როგორც ამბობს, რთულია, როცა ერთდროულად შვილიც ხარ და თანამშრომელიც. თუმცა შვილის პრივილეგიებით არც მას უსარგებლია და არც მამას მიუცია ამის უფლება.

გიორგი “გრუნის” რექტორი მამის თანაშემწე 4-წლიანი მუშაობის შემდეგ გახდა – როგორც ამბობს, ეგონა, რომ ოჯახის კუთვნილ კომპანიაში კარიერული წინსვლის დასამსახურებლად ნაკლები დრო დასჭირდებოდა.

უნივერსიტეტის იურისტობას იურიდიული სამსახურის უფროსობა მოჰყვა, ახლა კი, 28 წლის ასაკში – კანცლერია.

კანცლერის ფუნქციები ფართო და მნიშვნელოვანია – სწორედ მასზეა დამოკიდებული ფინანსური კაპიტალის ზრდა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს უნივერსიტეტის მდგრადობას და სასწავლო-­სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას. გიორგის მიზანიც სწორედ ეს არის – უნივერსიტეტის ფინანსური სტაბილურობისა და წინსვლის უზრუნველყოფა განათლების მაღალი ხარისხის მისაღწევად.

“ამ პასუხისმგებლობების გამო დავიწყე ფიქრი ბიზნესის ისეთი სფეროების განვითარებისთვის, რომლებიც არ იქნებოდა შორს უნივერსიტეტის საქმიანობისგან”, – ამბობს გიორგი თავხელიძე და დასძენს, რომ სწორედ ასე დაებადა იდეა, შეექმნა სტომატოლოგიური კლინიკა “გრუნივერსი” – სასწავლო-­სამეცნიერო და კლინიკური დაწესებულება, რომელიც ყველა საჭიროების პაციენტს იღებს და, პარალელურად, “გრუნის” შესაბამისი ფაკულტეტის ყველა სტუდენტს პრაქტიკის საშუალებას აძლევს.

“გრუნიში” მაშინ, როცა ის შეიქმნა და “ალმა მატერის” სახელით ვიცნობდით, მხოლოდ რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამის, მათ შორის, სტომატოლოგიის სწავლა იყო შესაძლებელი. სხვა ფაკულტეტები მას მოგვიანებით დაემატა.

გიორგის მამა, “გრუნის” დამფუძნებელი მამუკა თავხელიძე განათლებით პედაგოგია და თავიდანვე განათლების სფეროში მუშაობს. უშუალოდ მედიცინასთან მათ არაფერი აკავშირებთ (თუ არ ჩავთვლით გიორგის ბაბუას, ექიმ ვაჟა თავხელიძეს), თუმცა ეს სფერო თავხელიძეებისთვის მაინც მნიშვნელოვანია – გიორგი ამბობს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დადგა – საჭირო იყო ახალი თაობის ექიმების მომზადება, რომლებიც მზად იქნებოდნენ მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემაში სწრაფად განვითარებადი სიახლეების დანერგვისთვის. “ამიტომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში სწორედ ჩვენს უნივერსიტეტში დაიწყო მოდელირებისა და სიმულაციური სწავლების მეთოდების აქტიურად გამოყენება, – ჰყვება ის. – ამან განაპირობა, რომ ბაზარზე “გრუნის” მედიცინის სკოლის კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა ყოველთვის ძალიან მაღალია. ისინი ადვილად ადაპტირდებიან დამსაქმებლის მოთხოვნებთან და წარმატებულ კარიერასაც იქმნიან”.

საუნივერსიტეტო გამოცდილებისა და მათთვის მედიცინის მნიშვნელობის გამო თავხელიძეები “პინეო – სამედიცინო ეკოსისტემის” თანამესაკუთრეებიც გახდნენ.

“,გრუნის’, ,გრუნივერსსა’ და ,პინეოს’ ბევრი აქვთ საერთო – უახლესი სამკურნალო-­დიაგნოსტიკური აღჭურვილობა და მაღალი კლასის სპეციალისტები”, – ამბობს გიორგი თავხელიძე. – ორივე ემსახურება ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და ექიმთა ახალი თაობის აღზრდას. სწორედ ეს აერთიანებს სამივე დაწესებულებას”.

“პინეოში” გიორგის თანამდებობა არ უკავია, თუმცა კლინიკის დამფუძნებელთა საბჭოში “გრუნის” წარმოადგენს და საკვანძო საქმეების გადაწყვეტაშიც ერთვება. მის ყოველდღიურ საქმიანობას ძირითადად უნივერსიტეტი და მასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს.

უახლესი პროექტი, რაზეც ის მუშაობს, კამპუსია – “გრუნიმ” შეიძინა ერთ­-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი ოთხსართულიანი შენობით, რომელიც რამდენიმე თვეში სტუდენტურ საცხოვრებლად იქცევა. სტუდენტთა ცხოვრების საზღაური ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა, როგორც გიორგი ამბობს, ქირის ფასი საბაზროზე გაცილებით ნაკლები იქნება.

თავის მთავარ მიღწევებად ის სწორედ ზემოჩამოთვლილ ნაბიჯებს მიიჩნევს – უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებით გაფართოება მისი, როგორც კანცლერის, პირდაპირი მოვალეობაა.

განათლება რთული სფეროა. უმაღლესი განათლების პირველი საგანმანათლებლო საფეხური – ბაკალავრიატი – მნიშვნელოვანი ეტაპია ახალგაზრდის ცხოვრებაში. ბევრისთვის ეს ოთხი წელი შესაძლოა გარდამტეხიც აღმოჩნდეს. ამიტომ დიდია უნივერსიტეტების პასუხისმგებლობა. ზოგჯერ უნივერსიტეტს უწევს სკოლაში დაშვებული შეცდომების გამოსწორება – იმ უნარების გამომუშავება, რომლებიც სწორედ ადრეულ ასაკში უნდა ჩამოყალიბებულიყო.

გიორგი თავხელიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტის მენეჯმენტმა უნდა შეძლოს, სხვადასხვა ასაკის ადამიანები ერთ გუნდად შეკრას და საერთო მიზანს დაუქვემდებაროს. “ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მართვის პროცესში, აკადემიურ პერსონალთან ერთად, სტუდენტების აქტიურ ჩართვას, გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებლობის გაზიარებას, – ჰყვება გიორგი. – მაგალითად, ჩვენთან სტუდენტთა ომბუდსმენად, კონკურსის წესით, მაგისტრატურის სტუდენტი დაინიშნა – ცხადია, ეს ახალგაზრდებს მეტი ნდობით განაწყობს უნივერსიტეტის მიმართ”.

“გრუნი” უყურადღებოდ არც აბიტურიენტებს ტოვებს – უნივერსიტეტში Teen Academy ფუნქციონირებს, რომლის ფარგლებშიც კონკურსები და პოპულარული ლექციები ტარდება, ხოლო მონაწილეებისთვის სხვადასხვა ჯილდოა განსაზღვრული, მათ შორის, სწავლის სრული დაფინანსება და შემეცნებითი ექსკურსიები ევროპის ქვეყნებში. “ასეთი აქტივობები, გარდა შემეცნებითი მიზნებისა, ხელს უწყობს მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის სწორად ფორმირებას”, – ამბობს გიორგი თავხელიძე.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ამაყობს იმით, თუ როგორ ზრუნავს სტუდენტების ზრდის პერსპექტივაზე. ამის ერთ­-ერთი მაგალითი – ინფრასტრუქტურაა. როგორც გიორგი ამბობს, “გრუნის” სასწავლო კორპუსი პრინციპულად განსხვავდება ტრადიციულისგან.

“აქ სტუდენტი თავს გრძნობს უშუალო, თავისუფალ გარემოში, – ამბობს გიორგი. – მახსენდება ერთ­-ერთი სტუდენტის ემოციური შეძახილი, როდესაც შენობაში პირველად შემოაბიჯა: ,აი, თავისუფლება სად არის!’ დიახ, ამ განწყობას უქმნის ჩვენი შენობა სტუდენტსა თუ ლექტორს”.

უნივერსიტეტს, რომლის არსებობაც 30-ზე მეტ წელს ითვლის, უცხოეთთან მრავალმხრივი კავშირებიც აქვს. ცოტა ხნის წინ მედიცინის სკოლის სტუდენტები ჩეხეთში ერთი სემესტრით გაემგზავრნენ. საჯარო მმართველობის, ასევე ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შეუძლიათ, საფრანგეთის პარტნიორი უნივერსიტეტისა და “გრუნის” ერთობლივი დიპლომი მიიღონ. ასევე, მოქმედებს შიდა გრანტების სისტემა.

“ვქმნით მაღალ აკადემიურ კულტურას და ინტელექტუალურ სიმდიდრეს, ვამკვიდრებთ მაღალ სამეცნიერო-­კვლევით კულტურას, საზოგადოებას ვთავაზობთ მაღალი ხარისხის სერვისს, – განმარტავს უნივერსიტეტის მისიას გიორგი. – “გრუნის” მისია არ არის მხოლოდ სწავლა-­სწავლება და მეცნიერული კვლევა – ის საზოგადოების განვითარებისათვის ზრუნვას და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფასაც გულისხმობს”.