მეწარმეთა შესახებ კანონის გზამკვლევი

მეწარმეთა შესახებ კანონის გზამკვლევი

„ასათიანი და ადვოკატების“ უფროსი ადვოკატი, სასამართლო მედიატორი ქეთევან ანდღულაძე მეწარმეთა შესახებ ახალმიღებულ კანონზე საუბრობს.

რას ემსახურება ახალი კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რამ განაპირობა მისი მიღების საჭიროება და რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ამგვარი საკანონმდებლო აქტის ძალაში შესვლა?

როგორც აღნიშნავენ, საწარმოში პარტნიორთა ურთიერთობა ოჯახური მოწყობის მსგავსია და თუკი ცოლ-ქმარს შორის არ არის მოწესრიგებული ურთიერთობა, კონფლიქტი ორივესთვის, და მთლიანად ოჯახისთვის, გარდაუვალი და საზიანო აღმოჩნდება. სწორედ კორპორაციული ურთიერთობების სიცხადის თვალსაზრისით აუცილებელია ნათელი საკანონმდებლო რეგულირება, რათა შესაძლებელი გახდეს განხორციელებული ქმედებების განჭვრეტა და მიღებული გადაწყვეტილებების შესაძლო შედეგები.

2021 წელს საქართველოს პარლამენტმა მეწარმეთა სამარ­თლებრივი ფორმების, მათი დაფუძნებისა და რეგისტრაციის პროცედურებისა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ახლებური რეგულირება შემოგვთავაზა. განსხვავებით წინამორბედი საკანონმდებლო აქტისა, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ეს რედაქცია მეწარმეებს საწარმოთა უფრო მოწესრიგებულ სტრუქტურებს, ინტერესთა კონფლიქტის რეგულირებას, პარტნიორის გასვლასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, კორპორაციული მმართველობის გამჭვირვალობასა და გარკვეული ტექნიკური ხასიათის ნოვაციებსაც სთავაზობს. (მაგალითად, ერთიანი ელექტრონული პორტალის სახით).

ცვლილებების საჭიროება მეტწილად მეწარმეთა კანონმდებლობის დერეგულაციამ განაპირობა – მთელი რიგი შეზღუდვებისა და მოთხოვნების გაუქმების შედეგად კორპორაციული მმართველობის მნიშვნელოვანი საკითხები დარჩა მოწესრიგების მიღმა, საკანონმდებლო რეგულირება კი მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ამგვარად ფორმულირებული, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი უკიდურესად გამარტივებული კანონის მიზანი იყო სამეწარმეო საზოგადოებების პარტნიორებისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება, რათა მათ წესდების საფუძველზე დაერეგულირებინათ საქმიანი ურთიერთობები. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, კანონი ვერ ახერხებდა თავისი ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების შესრულებას – იგი ვერ ჭრიდა კოლიზიებს, ვერ ასრულებდა სრულყოფილად საკორპორაციო ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი ინსტრუმენტის როლს.

პრაქტიკამ გამოავლინა, რომ, ერთი მხრივ, რამდენადაც მოსახერხებელი იყო სწრაფად და ზედმეტი მოთხოვნების გარეშე კომპანიის რეგისტრირება, იმდენად მეწარმეები სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან ხშირად პარტნიორები არ/ვერ სარგებლობდნენ კანონით მათთვის მინიჭებული შესაძლებლობებით/თავისუფლებით, ხოლო ზოგადი ხასიათის წესდებები ყურადღების მიღმა ტოვებდა მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს, რის გამოც კანონით გაუთვალისწინებელი საკითხები, ფაქტობრივად, რეგულირების გარეშე რჩებოდა, დავის სასამართლოში განხილვის დროს კი კანონი პარტნიორთა დამხმარე ვერ აღმოჩნდებოდა.

ახალი კანონი ცდილობს დაიცვას ბალანსი იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს შორის, რათა შენარჩუნებულ იქნას, ერთი მხრივ, მეწარმეთა მოქნილობა, საკუთარი შეხედულებების გათვალისწინებით შექმნან წესები და, ამასთან, მეორე მხრივ – აღმოიფხვრას სამართლებრივი ვაკუუმის პრობლემა საკითხის დაურეგულირებლობის შემთხვევაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონით გაუმჯობესდება მინორიტარ პარტნიორთა და მესამე პირთა უფლებების დაცვის ხარისხი და გაიზრდება კორპორაციული გამჭვირვალობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ახალი კანონის შემუშავება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის მოთხოვნებიდანაც გამომდინარეობდა. ეს დოკუმენტები, თავის მხრივ, განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, ეტაპობრივად დაუახლოოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობას და უზრუნველყოს აქციონერთა, კრედიტორთა და სხვა ბიზნესსუბიექტთა დაცვა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, როგორც ამას კანონის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ.

რა ვადაში უნდა განხორციელდეს საწარმოს განახლებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და რა პრინციპით განისაზღვრა შესაბამისი ვადები?

ბუნებრივია, რაოდენ საკეთილდღეო მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს საკანონმდებლო ცვლილებები, მათი უკვე არსებულ/რეგისტრირებულ საწარმოებზე გავრცელება ვერ მოხდება (და არც უნდა მოხდეს) იძულების მექანიზმითა და მოკლე ვადებში. 2021 წლის კანონმა უკვე რეგისტრირებულ საწარმოებს კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადა (ანუ 2023 წლის ბოლომდე) განუსაზღვრა იმისათვის, რომ უზრუნველეყოთ სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა კანონის მოთხოვნებთან.

მიუხედავად იმ მიზნებისა და ვადებისა, რაც ახალი კანონის მიღებისას დაისახა კანონმდებელმა, საწარმოთა უმეტესობამ განახლებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ შეძლო სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე (ასე მაგ. კორპორაციაში პარტნიორთა შორის მიმდინარე დავა, წილზე/უფლებამოსილებებზე გამოყენებული შეზღუდვები და ა.შ.). ვინაიდან კანონი ამგვარი განახლების არარსებობის შემთხვევაში საწარმოს რეგისტრაციის უპირობო და შეუქცევად გაუქმებას ითვალისწინებს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2023 წლის 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მეწარმეთა შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კანონის პროექტის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ საწარმოს 2025 წლის 1 აპრილამდე შეუნარჩუნდება შესაძლებლობა, უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, რისთვისაც მან უნდა წარადგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საწარმოს 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით. კანონს კი ემატება დადგენილი ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები.

რა მოთხოვნები აქვთ შესასრულებელი კომპანიებს სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანისათვის?

ახალ კანონთან შესაბამისობა ე.წ. „სადამფუძნებლო შეთანხმების“ წარდგენას გულისხმობს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს განახლებულ წესდებასა და კანონით განსაზღვრულ სხვადასხვა ინფორმაციას. წესდების განახლება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტული წესდების მეშვეობითაც არის შესაძლებელი, თუმცა, რა თქმა უნდა, რეკომენდებულია, დისპოზიციური ნორმების სახით შემოთავაზებული წესები კომპანიამ, თავისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განიხილოს და ასახოს დოკუმენტში, რომელიც სამეწარმეო საზოგადოების კონსტიტუციადაც მიიჩნევა.

რა შედეგი დადგება იმ კომპანიებისათვის, რომლებიც არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს?

კანონი ითვალისწინებს მოცემულობას, როდესაც რეგისტრირებულმა საწარმომ ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილ ვადაში კანონთან შესაბამისობაში მონაცემების მოყვანა. ასეთ შემთხვევაში, მარეგისტრირებელი ორგანო თავისი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას ხარვეზის დადგენის შესახებ და სამეწარმეო საზოგადოებას ანიჭებს ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსს. ეს სტატუსი მითითებული იქნება რეესტრში და ეცნობება თავად კომპანიასაც.

ზოგადი წესის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო მეწარმეს დამატებით, 3-თვიან ვადას განუსაზღვრავს. თუკი ამგვარმა ხარვეზიანმა საწარმომ შესაბამისობაში მოყვანა ამ ვადაშიც ვერ უზრუნველყო, ასეთი სამეწარმეო საზოგადოების (და ასევე, სამეწარმეო საზოგადოების ფილიალის) რეგისტრაცია გაუქმებულად მიიჩნევა; ხარვეზის აღმოფხვრის შემთხევაში კი, რასაკვირველია, ხარვეზიანი საზოგადოების სტატუსი უქმდება.

განსაკუთრებით საინტერესოა ქონების მქონე კომპანიების შემთხვევებში რა ელის ქონებას, რა პროცედურები განხორციელდება ამ დროს და ვის მიერ?

კომპანიის რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ თუკი აღმოჩნდება, რომ მას ქონება დარჩა (და მხოლოდ ამ გარემოებაში), მოხდება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია, რის პროცედურებსაც, ამ შემთხვევაში, კომპანიის პარტნიორის ან კრედიტორის (მოთხოვნის უფლების მქონე პირის) განცხადების საფუძველზე, სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორებს.

საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყებას არეგისტრირებს მარეგისტრირებელი ორგანო და მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, ამოწმებს საგადასახადო ვალდებულებების არსებობის შესახებ ინფორმაციას. ლიკვიდატორები კი მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიან ელექტრონულ პორტალზე ან თავიანთ ვებგვერდზე განცხადების გამოქვეყნებით დაუყოვნებლივ ატყობინებენ კრედიტორებს სამეწარმეო საზოგადოების დაშლის შესახებ და უნდა მოიწვიონ ისინი მოთხოვნების განსაცხადებლად. ლიკვიდატორები ახორციელებენ ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობებს, მათ შორის, ახდენენ აქტივების რეალიზაციას და ასრულებენ მიმდინარე საქმეებს. თუ წესდებით სხვა წესი არ არის დადგენილი, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომპანიის ქონება ნაწილდება პარტნიორთა შორის მათ წილებთან დაკავშირებული უფლებების შესაბამისად.

ლიკვიდაციის პროცესისათვის კანონი 5-თვიან ვადას ითვალისწინებს.

საწარმოს რომელი ფორმაა ყველაზე იმპერატიულად რეგულირებული კანონმდებლის მიერ?

სააქციო საზოგადოება კანონმდებლის მხრიდან ყველაზე იმპერატიულად დარეგულირებული საწარმოს ფორმაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ სააქციო საზოგადოების წესდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცავდეს კანონისგან განსხვავებულ მოწესრიგებას, თუ ეს პირდაპირ არის დაშვებული კანონით. სააქციო საზოგადოების წესდებით ასევე შეიძლება მოწესრიგდეს კანონით გაუთვალისწინებელი საკითხები, ან განივრცოს კანონის ის ნორმები, რომლებიც მოცემულ საკითხს ამომწურავად არ აწესრიგებს.

ამ ტიპის საზოგადოებას მოთხოვნის სახით მინიმალური განთავსებული კაპიტალის ქონის ვალდებულება აქვს, რომელიც, თავის მხრივ, პასუხობს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივის მოთხოვნას და უნდა უტოლდებოდეს 100 000 ლარს (25 000 ევროს ეკვივალენტს ლარში).

კანონში დეტალურად არის მოწესრიგებული შენატანების შესრულების ხარჯზე საზოგადოების კაპიტალის ფორმირების პროცესი და განსაზღვრულია როგორც შენატანის საგანი, ისე შენატანის განხორციელების პირობები. შენატანის შეტანის წესი და ვადა განისაზღვრება კანონით და სააქციო საზოგადოების წესდებით. წესდებაში შესაბამისი ვადის თაობაზე დათქმის არარსებობის შემთხვევაში, შენატანი უნდა განხორციელდეს სააქციო საზოგადოების მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში. თუმცა ასეთი ვადა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს რეგისტრაციის ან კაპიტალის გაზრდის მომენტიდან 5 წელს.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გამოირიცხება შენატანად სამუშაოს შესრულების ან მომსახურების გაწევის გამოყენება. არაფულად შენატანთან დაკავშირებით კი კანონი ითვალისწინებს საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულებას.

ახალი კანონი ითვალისწინებს შენატანის შეტანის უზრუნველყოფის აუცილებელ რეპრესიულ/პრევენციულ ინსტრუმენტებს. კერძოდ, აქციონერის მიერ შენატანის განხორციელების ვადის დარღვევის შემთხვევაში, ვადამოსულ შეუტანელ ფულად შენატანს ერიცხება წლიური პროცენტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის დადგენილი რეფინანსირების განაკვეთის ორმაგი ოდენობით (თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული). სააქციო საზოგადოებამ დამატებით შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული ვადის დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც. იგივე წესი, რასაკვირველია, ვრცელდება არაფულად შენატანზეც.

გარდა ამისა, აქციონერის მიერ ფულადი შენატანის განხორციელების ვადის დარღვევის შემთხვევაში, საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს შეუძლია დაიწყოს აქციის ჩამორთმევის პროცესი, რაც შესაძლებელია დასრულდეს აქციონერის მიერ აქციისა და ნაწილობრივ განხორციელებული შენატანის და მასთან დაკავშირებული უფლებების დაკარგვით.

აღსანიშნავია, რომ სააქციო საზოგადოება, რომლის აქციონერთა რაოდენობა 50-ზე მეტია, ვალდებულია, აქციათა რეესტრი აწარმოოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით. სხვა შემთხვევაში, სააქციო საზოგადოებას, რომლის აქციონერთა ოდენობა 50-ს არ აღემატება (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული საწარმოსი), შეუძლია აქციათა რეესტრი აწარმოოს თავად ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მეშვეობით.

როგორ ხდება სააქციო საზოგადოების ტიპის საწარმოში შენატანების პროპორციის დადგენა, ვინ ახორციელებს მას და როგორ განისაზღვრება აქციათა ფასი?

კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, როგორც აღვნიშნეთ, სააქციო საზოგადოებისათვის, მათ შორის, მინიმალური განთავსებული კაპიტალის ქონასაც გულისხმობს. ამ მიზნით უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ერთმანეთისგან მიჯნავს კაპიტალის ტიპებს. „განთავსებული კაპიტალი“ ეწოდება თანხობრივ ოდენობას, რომელზეც თანხმდებიან დამფუძნებელი პარტნიორები და მიუთითებენ სადამფუძნებლო შეთანხმებაში. სააქციო საზოგადოების (სს) გარდა, განთავსებული კაპიტალის არსებობა არ არის სავალდებულო სხვა ფორმის სამეწარმეო საზოგადოებებისთვის. შენატანის საგანი შესაძლოა იყოს როგორც საკუთრების, ისე სარგებლობის უფლება.

განთავსებული კაპიტალის არსებობის შემთხვევაში, ის უნდა უდრიდეს განთავსებული წილების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს. ვინაიდან, კანონის თანახმად, საწარმოს შეუძლია ერთდროულად გამოუშვას როგორც ნომინალური ღირებულების არმქონე, ისე ნომინალური ღირებულების მქონე წილები/ აქციები. ამ უკანასკნელ შემთხვევაში განთავსებული კაპიტალი უნდა აღემატებოდეს ნომინალური ღირებულებების ჯამს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (შპს), ნომინალური ღირებულების წილების განთავსების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ჰქონდეს განთავსებული კაპიტალი. თავისი ბუნებით, განთავსებული კაპიტალი ე.წ. საწესდებო კაპიტალის ეკვივალენტია.

განთავსებული კაპიტალის მთავარი ფუნქცია – დაფუძნებისას საზოგადოების საწყისი კაპიტალის ფორმირებაა. საზოგადოების დაფუძნების შემდგომ, განთავსებული კაპიტალი საზოგადოების ქონების შენარჩუნების ან გაზრდის მიზანს ემსახურება.

როგორც აღინიშნა, 100 000 ლარის ოდენობით განსაზღვრული კაპიტალი მინიმალური მოთხოვნაა ასეთი ტიპის საწარმოსათვის და იგი, მათ შორის, ემსახურება კრედიტორთა დაცვასა და მიზანს, რომ კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს ჰქონდეთ გარანტია აქციის, როგორც ფასიანი ქაღალდის, ღირებულების მიმართ. ასეთ შემთხვევაში, ნომინალური ღირებულების აქციების პირობებში, სააქციო საზოგადოებას, რომელსაც 100 000 ლარის განსაზღვრული კაპიტალი აქვს, შესაბამისად, 100 000 აქცია ექნება მფლობელობაში.

რა ტიპის კომპანიებმა შეიძლება აირჩიონ სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა?

აქცია, მოგეხსენებათ, არის რეგისტრირებული, დემატერიალიზებული, სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც განსაზღვრავს სააქციო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილეობას. ამდენად, კანონი დეტალურად აწესრიგებს აქციასთან, როგორც მნიშვნელოვან ფინანსურ ინსტრუმენტთან, დაკავშირებულ საკითხებს.

სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმა უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის ფორმირებასთან. არსებული საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ახალი კანონით მოცემული დებულებები კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის იდეას ემსახურება. კერძოდ, კანონი არეგულირებს საზოგადოების აქციათა მიმოქცევის ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანხმობასავალდებულო გადაცემა, სააქციო საზოგადოების მიერ ახალი აქციების თავის სასარგებლოდ განთავსების აკრძალვა, მიმოქცევაში მყოფი აქცია, საკუთარი აქცია და განთავსებული კაპიტალის ცვლილების წესი.

შესაბამისად, საწარმოს სამართლებრივი ფორმის და, მით უფრო, სააქციო საზოგადოების იმპერატიული მოთხოვნებისა და მისი ხელსაყრელი მხარის გათვალისწინებით, საწარმოს დამფუძნებლებმა უნდა განსაზღვრონ, არის თუ არა მათი საქმიანობა მიმართული ამგვარი პირობების გათვალისწინებისა და გამოყენებისაკენ. სხვა შემთხვევაში კი საწარმოებს აქვთ შესაძლებლობა, გარდაქმნის მეშვეობით შეიცვალონ სამართლებრივი ფორმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *