მეცნიერებმა წყალმცენარეების დახმარებით ეკომეგობრული ცემენტი შექმნეს

მეცნიერებმა წყალმცენარეების დახმარებით ეკომეგობრული ცემენტი შექმნეს

აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) ანგარიშის მიხედვით, ინდუსტრიულ დამბინძურებლებს შორის ცემენტი ტოპ-ათეულში მესამე ადგილს იკავებს. მისი წარმოების შედეგად ატმოსფეროში წელიწადში 500,000 ტონაზე მეტი გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და ნახშირბადის მონოოქსიდი გამოიყოფა. გარდა ამისა, ცემენტი ყოველწლიურად პასუხისმგებელია დაახლოებით ორი გიგატონა CO2-ის ემისიაზე.

სწორედ აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, კოლორადოს ბოულდერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კოლეგებთან ერთად შეიმუშავეს უნიკალური, ნახშირბადნეიტრალური მეთოდი, რომლის დახმარებითაც პორტლანდცემენტის წარმოება ბიოგენური კირქვისგან არის შესაძლებელი.

კოლორადოს ბოულდერის უნივერსიტეტის პროფესორმა უილ სრუბარმა ერთ-ერთი მოგზაურობისას მარჯნის რიფების გარშემო ბუნებრივად აგებული კალციუმის კარბონატის (CaCO3) სტრუქტურები შენიშნა. მან იცოდა, რომ კირქვა სწორედ CaCO3-ისგან მიიღებოდა. პროფესორმა აღმოჩენა კოლეგებს გაუზიარა, რომლებთან ერთადაც მიკროწყალმცენარეების, კოკოლიტოფორების გაზრდა დაიწყო. წყალმცენარეების ამ სახეობის წარმომადგენლებს ფოტოსინთეზის დროს კალციუმის კარბონატის გამოყოფის გზით ბიოგენური კირქვის წარმოქმნა შეუძლიათ.

ფოტო: colorado.edu

აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად მოპოვებული კირქვისგან განსხვავებით, რომლის ფორმირებას მილიონობით წელი სჭირდება, კოკოლიტოფორების კირქვის ბიოგენური ვერსია რეალურ დროში, გაცილებით სწრაფად იწარმოება. მეცნიერებს სჯერათ, რომ მათ რევოლუციურ მიგნებას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, კირქვის მოპოვების ტრადიციული მეთოდი შეცვალოს და პლანეტის დაბინძურების მაჩვენებელი შეამციროს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პროფესორ სრუბარს ამ აღმოჩენისთვის 2020 წელს აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო გადაეცა. გარდა ამისა, ახლახან მან კოლეგებთან ერთად, ზემოხსენებული მიმართულებით სამუშაოების გასაგრძელებლად, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტისგან (DOE) 3.2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *