პიტსბურგის უნივერსიტეტსა და კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ზურგის ტვინის სტიმულირებისთვის შექმნილი ნეიროტექნოლოგია, რომლის მიზანიც, ინსულტთან დაკავშირებული დამბლის დროს პაციენტის პარალიზებული ხელისა და მკლავის მყისიერად ამოძრავებაა, წარმატებით გამოცადეს. ამის შესახებ მკვლევართა ნაშრომი ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
ინსულტი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისხლის მიწოდების შეფერხების გამო ტვინი ზიანდება. გლობალურად, 25 წელზე უფროსი ასაკის ყოველი მეოთხე ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში ინსულტს სავარაუდოდ ერთხელ მაინც განიცდის. მათგან დაახლოებით 75%-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს ზედა კიდურის პარალიზებასთან. ამჟამად ინსულტით გამოწვეული დამბლის მკურნალობის ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს.
რაც შეეხება ახალ მეთოდს: ზურგის ტვინის სტიმულირებისთვის ელექტროდები გამოიყენება, რომელთა მეშვეობითაც, ნერვებისთვის იმპულსების გაგზავნა ხდება. შედეგად კი, ზურგის ტვინის ნერვული უჯრედები აქტიურდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მიდგომა აქამდე ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ ფეხის მოძრაობის უნარის აღსადგენად გამოიყენებოდა.
თუმცა, ადამიანის მკლავი შედარებით უფრო რთული სისტემაა. მისი კონტროლისთვის საჭირო ნერვული სიგნალები მეთოდის დამატებით განვითარებას მოითხოვდა. მკვლევრებმა ამისთვის კომპიუტერულ მოდელირებას მიმართეს და პრეკლინიკური ტესტირება მაიმუნზე ჩაატარეს, ვიდრე ტექნოლოგიას ადამიანზე გამოცდიდნენ.
კვლევის ავტორების განცხადებით, ნეიროტექნოლოგიის დახმარებით პაციენტებმა სხვადასხვა სირთულის ამოცანის შესრულება შეძლეს, მათ შორის საგნების გადაადგილება და საკეტის გახსნა. გარდა ამისა, ელექტროდების გამოყენებით ცდისპირებმა შეძლეს სრულად გაეხსნათ და დაეხურათ მუშტები, აეწიათ ხელები თავს ზემოთ და ჭამის დროს დანა-ჩანგალი გამოეყენებინათ.
საინტერესოა, რომ სტიმულირების ეფექტი სხეულიდან მოწყობილობის ამოღების შემდეგაც გაგრძელდა.