ფოტო: Craig T Fruchtman/Getty Images
Microsoft-ის მიერ ორშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია დაახლოებით 60,000 თანამშრომელს, რაც კომპანიის გლობალური სამუშაო ძალის მეოთხედზე მეტია, სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის სანაცვლოდ კომპენსაციას სთავაზობს. ამ ნაბიჯით ტექნოლოგიური კომპანია ხარჯების შემცირებას და ხელოვნურ ინტელექტში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების განხორციელებას ცდილობს.
როგორც საკითხთან დაკავშირებულმა პირმა მედიასააგენტო Reuters-ს განუცხადა, შეთავაზება Microsoft-ის სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლებს ეხება. მათ შორის მათ, ვინც ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებზე, Copilot-ზე, ფინანსურ, ადამიანური რესურსების, Xbox-ის, Windows-ისა და მისი მოწყობილობების განყოფილებებში მუშაობს. წყაროს ცნობით, შეთავაზება არ ვრცელდება ისეთ სტრუქტურულ ერთეულებზე, როგორიცაა მარკეტინგი, კომერციული მიმართულება და უსაფრთხოების სამსახური.
„ეს შეთავაზება თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიის გარეთ კარიერის გაგრძელებაზე ფიქრობენ, შესაძლებლობას აძლევს, კომპანიის მხარდაჭერით, აღნიშნული გადაწყვეტილება ახლავე მიიღონ“, – აღნიშნულია თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლის ავტორიც კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის ხელმძღვანელი ემი კოულმენია.
სხვა ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსად, Microsoft-ი ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ მონაცემთა ცენტრებსა და ჩიპებზე. ეს ინვესტორებში კითხვებს აჩენს იმის თაობაზე, იქნება თუ არა მიღებული შედეგი ამ უზარმაზარი ხარჯების შესაბამისი. კომპანია, რომელიც ოთხშაბათს, საფონდო ბირჟების დახურვის შემდეგ, პირველი კვარტალის შედეგებს გამოაქვეყნებს, 2026 კალენდარული წლისთვის $175 მილიარდის მოცულობის კაპიტალურ დანახარჯებს პროგნოზირებს.
კომპანიის წლიური ანგარიშის თანახმად, 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, Microsoft-ს მსოფლიო მასშტაბით სრულ განაკვეთზე მომუშავე 223,000 თანამშრომელი ჰყავდა.
საინტერესოა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანიამ კომპენსაციის სანაცვლოდ სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლა აშშ-ში დასაქმებული პერსონალის დაახლოებით 7%-ს, ანუ 9,000 თანამშრომელს შესთავაზა.
კომპანიის განმარტებით, ეს არის დროში შეზღუდული, ნებაყოფლობითი პროგრამა, რომელიც ეფუძნება წინა პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას. კომპანიამ ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი კრიტერიუმების მქონე თანამშრომლები დეტალურ ინფორმაციას უახლოეს საათებში მიიღებენ.









