Microsoft-ი იაპონიაში $10 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს

Microsoft-ი იაპონიაში $10 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს

ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის, Microsoft-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაში 2026-2029 წლებში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად და იაპონიის მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად, $10 მილიარდის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდება.

Microsoft-ის განმარტებით, ინვესტიცია მათ შორის 2030 წლამდე 1 მილიონზე მეტი ინჟინრისა და დეველოპერის გადამზადებასაც მოითხოვს. აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია იაპონიის პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩისა და ამერიკული კომპანიის ვიცე-თავმჯდომარისა და პრეზიდენტის, ბრედ სმიტის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიის გეგმები,  ხელი შეუწყოს ტექნოლოგიურ განვითარებას ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის პარალელურად, იაპონიის პრემიერ-მინისტრის ხედვასთან თანხვდენილია.

ინვესტირების ფარგლებში Microsoft-ი ადგილობრივ წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, SoftBank-სა და Sakura Internet-თან ითანამშრომლებს, რათა იაპონიის AI-გამოთვლითი სიმძლავრე გაიზარდოს. აღნიშნულის საბოლოო მიზანია იაპონურ კომპანიებსა და იაპონიის მთავრობას სენსიტიური მონაცემების შენახვა ადგილობრივად შეეძლოთ, პარალელურად კი Microsoft Azure-ს სერვერებთან წვდომა ჰქონდეთ.

საინტერესოა, რომ Microsoft-ის მიერ იაპონიაში ინვესტიციის განხორციელება ხელს მთავრობათაშორის თანამშრომლობასაც შეუწყობს. კერძოდ, დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება კიბერსაფრთხეებთან და მათი პრევენციისათვის სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ იაპონიამ AI-ის მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვის გაძლიერების გადაწყვეტილება 2024 წლიდან დაიწყო. Microsoft-ის მონაცემებით, ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს შრომის ასაკის მქონე ყოველი ხუთი ადამიანიდან ერთი მაინც იყენებს. იაპონიის მთავრობის წინასწარი პროგნოზით, ქვეყანას 2040 წლისთვის AI-სა და რობოტიკასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის 3 მილიონი მუშახელის დეფიციტი ექნება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.