Microsoft-ი მომხმარებელს პაროლის ნაცვლად, თითის ანაბეჭდის, სახის ამომცნობი და ავტორიზაციის პროგრამების გამოყენებას სთავაზობს. ტექნოლოგიური კომპანიის განცხადებით, მათი გადაწყვეტილება მომხმარებლების დაცულობის შეგრძნებას ბევრად უფრო გაზრდის, რადგან პაროლის მეშვეობით ანგარიშის გატეხა შედარებით უფრო მარტივია.
აღსანიშნავია, რომ Microsoft-ის მომხმარებლებს პაროლის მოხსნა უკვე დღეიდან შეეძლებათ, თუმცა ფუნქცია რამდენიმე კვირაში ამოქმედდება. ამ ეტაპზე, კომპანიის ახალი ფუნქციით სარგებლობა ნებაყოფლობითია. შესაბამისად, მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში შეეძლება, პაროლის გამოყენება გააგრძელოს.
უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების კორპორაციული ვიცე-პრეზიდენტის, ვასუ ჯაკალის მიერ გამოქვეყნებული ბლოგის თანახმად, საწარმოებსა და სამომხმარებლო ანგარიშებზე განხორციელებული წარმატებული შეტევების მთავარი წყარო სუსტი პაროლებია. ჯაკალის ინფორმაციით, ყოველ წამს 579 პაროლის თავდასხმა ხორციელდება, რაც ყოველწლიურად 18 მილიარდ შემთხვევას უტოლდება. ტრადიციული პაროლების დაუცველობის მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ადამიანის ბუნებაა, ისინი ქმნიან მარტივად დასამახსოვრებელ პაროლებს, რაც ჰაკერისთვისაც მარტივი მისახვედრია.
ადამიანს, რომელსაც სხვისი ანგარიშის გატეხა სურს, შეუძლია გამოიყენოს შესაბამისი ინსტრუმენტები პაროლების სხვადასხვა კომბინაციის მცირე დროში დასატესტად. ამას გარდა, ელექტრონული ფოსტის შემთხვევაში მომხმარებლების შეცდომაში შეყვანით, თაღლითებს მათ ინფორმაციაზე წვდომა მარტივად ექმნებათ.
გასაჯაროებამდე, პაროლების მოხსნის ფუნქცია Microsoft-მა კომპანიის ბიზნესმომხმარებლებს შესთავაზა. ორგანიზაციის მოხსენების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც სისტემაში ბიომეტრიულად შესვლის ფუნქციას იყენებდნენ, 69,4%-დან 84,7%-მდე გაიზარდა.