Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $4 ტრილიონს გადააჭარბა

Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $4 ტრილიონს გადააჭარბა

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $4 ტრილიონს გადააჭარბა, რითაც ის Nvidia-ს შემდეგ მეორე კორპორაცია გახდა, რომელმაც მსგავსი შედეგის მიღწევა შეძლო. Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის მთავარი მიზეზი კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კვარტალური ფინანსური შედეგებია, რის შემდეგაც Microsoft-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 8%-ით გაიზარდა. მხოლოდ წელს კომპანიის აქციები 27%-ითაა გაზრდილი.

კომპანიის შემოსავლების ზრდა ძირითადად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის განვითარებამ განაპირობა. კომპანიის განცხადებით, Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის ჩატის, Copilot-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რიცხვმა 100 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

შეგახსენებთ, რომ Microsoft-ი OpenAI-ის აქციონერიც გახლავთ, შესაბამისად, ამ უკანასკნელის ზრდა და განვითარება Microsoft-ზეც დადებითად აისახება.

Microsoft-თან ერთად დიდი ზრდა განიცადეს ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა: Nvidia, Amazon-ი, Alphabet-ი და Meta. აღნიშნული კომპანიები ჯამურად S&P 500-ის მეოთხედს შეადგენენ.

Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $4 ტრილიონს 9 ივლისს გადააჭარბა. Apple-ის ღირებულება კი ამჟამად $3.12 ტრილიონს შეადგენს. მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიების ათეულში Microsoft-ი მეორე პოზიციას იკავებს. რეიტინგის მოწინავე პოზიციებს ასევე იკავებენ Amazon-ი, Alphabet-ი, Meta, Saudi Aramco, Broadcom-ი, TSMC-ი და Berkshire Hathaway.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.