ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა პერსონალური კომპიუტერების ახალი კატეგორია წარადგინა. Copilot+-ის კომპიუტერების დებიუტი ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე შედგა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სატია ნადელას განცხადებით, Microsoft-მა ახალი კომპიუტერების წარმოებისთვის Acer-თან და Asustek Computer-თან ითანამშრომლა.
ამჟამად Microsoft-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტის ბაზარზე პოზიციების გამყარება და სხვა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევაა. ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა ახალი ლეპტოპები სწორედ მაშინ წარადგინა, როდესაც მისი აქციების ფასი Wall Street-ზე თითქმის რეკორდულ მაჩვენებელზეა.
Microsoft-ის ახალი კომპიუტერები AI-ის გამოყენებით უფრო მეტი ამოცანის შესრულებას შეძლებენ და ამისთვის ქლაუდ-მონაცემების ცენტრებზე დამოკიდებულნი აღარ იქნებიან. კომპიუტერების ფასი $1,000-დან დაიწყება, გაყიდვაში ჩაშვების სავარაუდო თარიღად 18 ივნისი დასახელდა. კომპიუტერებთან ერთად, ღონისძიებაზე კომპანიამ Copilot-ის ხმოვანი ასისტენტიც წარადგინა.
Copilot+-ის ერთ-ერთი მთავარი AI-ფუნქციის სახელწოდება „გახსენებაა“. „გახსენების“ საშუალებით კომპიუტერში მიმდინარე ყველა პროცესი ინახება – ვებ-დათვალიერებით დაწყებული, ხმოვანი ჩატებით დასრულებული. შედეგად, კომპიუტერშივე იქმნება ისტორია, რომლის მოძებნაც მომხმარებელს თვეების შემდეგაც შეუძლია.
Microsoft-ის გეგმით, მხოლოდ მომდევნო წლის განმავლობაში, 50 მილიონი AI-კომპიუტერი უნდა გაიყიდოს. კვლევითი ფირმა Gartner-ის მონაცემებით, გლობალურად პერსონალური კომპიუტერების მიწოდება გასულ წელს 15%-ით, 242 მილიონამდე შემცირდა. ამ გამოთვლით, Microsoft-ის ახალმა კომპიუტერებმა გლობალურად გაყიდული კომპიუტერების ერთი მეხუთედი უნდა შეადგინოს.
Copilot-ის კომპიუტერების მთავარი მარკეტინგული გათვლა სწორედ AI-ფუნქციებია. სხვა მხრივ, გარეგნულად ლეპტოპები Windows-ის Ultrabook-ის კატეგორიის მსგავსია. ამასთან ერთად Copilot-ის ნაწილში, უახლოეს პერიოდში, ChatGPT-ის უახლესი ტექნოლოგია – GPT-4o-იც გამოჩნდება. იმავე ღონისძიებაზე Microsoft-მა ახალი თაობის პლანშეტი Surface Pro და ლეპტოპი Surface-იც წარადგინა.