Ferrari-მ, რომლითაც ლეგენდარულმა გერმანელმა ავტომრბოლელმა, მიხაელ შუმახერმა ფორმულა 1-ის მეექვსე მსოფლიო ტიტული მოიპოვა, აუქციონების რეკორდი მოხსნა და აღნიშნული ბრენდის ყველაზე ძვირად ღირებული F1-ის ავტომობილის სტატუსი დაისაკუთრა.
Ferrari-ის მოდელი F2003-GA შვეიცარიაში, ჟენევაში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე $14.9 მილიონად გაიყიდა. ეს აქამდე აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული F1-ის Ferrari-ის ფასის თითქმის გაორმაგებული მაჩვენებელია. წინა რეკორდი ასევე მიხაელ შუმახერის Ferrari-ის ეკუთვნის – მოდელ F2001-ს, რომელიც 2017 წელს აუქციონზე 7.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
Sotheby’s-ის თანახმად, შუმახერმა F2003-GA-ის დახმარებით ხუთი გამარჯვება მოიპოვა. მათ შორის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გერმანელმა 2003 წელს კარიერაში ფორმულა 1-ის რიგით მეექვსე მსოფლიო ტიტული მოიგო.
შეგახსენებთ, მიხაელ შუმახერი F1-ის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია და ტიტულების რაოდენობით რეკორდს ბრიტანელ ავტომრბოლელ ლუის ჰამილტონთან ერთად იყოფს.