მიხეილ ლომთაძე ასტანის საფეხბურთო კლუბ „ჟენისის“ მფლობელი გახდა

მიხეილ ლომთაძე ასტანის საფეხბურთო კლუბ „ჟენისის“ მფლობელი გახდა

ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე ასტანის საფეხბურთო კლუბ „ჟენისის“ მფლობელი გახდა. ამის შესახებ Forbes Kazakhstan-ი Kaspi.kz-ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

როგორც ირკვევა ახალ ინვესტორს კლუბში „მსოფლიო დონის საფეხბურთო აკადემიის“ შექმნა სურს. Kaspi.kz-ი ლომთაძეს ციტირებს, რომ ის „ყაზახეთსა და ინგლისში პროფესიონალური, მსოფლიო დონის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნაზე“ ოცნებობს.

Forbes Kazakhstan-ის ცნობით, აკადემიაში სწავლა, სავარაუდოდ, უფასო იქნება და ახალგაზრდა სპორტსმენებს ყაზახეთიდან და ინგლისიდან ჩამოსული „წამყვანი სპეციალისტები“ გაწვრთნიან.

„ჟენისის“ საფეხბურთო კლუბის გენერალური დირექტორის, აიდინ კოჟახმეტის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ახალი ინვესტორის მისვლით კლუბი „თავის ძველ დიდებას დაიბრუნებს“.

ცნობისთვის, „ჟენისის“ საფეხბურთო კლუბი 1964 წელს დაარსდა. კლუბმა ყაზახეთის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო (2000, 2001 და 2006 წლებში) და ასევე სამჯერ დაეუფლა ეროვნულ თასს (2001, 2002 და 2005 წლებში).

მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელია. ის ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის 2024 წლის რეიტინგში მე-6 ადგილზეა.

ამერიკული Forbes-ის მონაცემებით, მიხეილ ლომთაძის ქონება $5.9 მილიარდს უტოლდება, რაც მას მილიარდერების რეიტინგში 657-ე პოზიციას ანიჭებს. ლომთაძე საქართველოს უმდიდრესი ადამიანია.