მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი შეიძინა

მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბი შეიძინა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ ინგლისური საფეხბურთო კლუბის, Wycombe Wanderers-ის აქციების 90% შეიძინა. ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„შპს Feliciana EFL-ის საკუთრებაში არსებული Wycombe Wanderers Football Club-ის 90%, მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში არსებული Blue Ocean Partners II Limited-ის ხელში გადავიდა“, – ნათქვამია პრესრელიზში. აქვე აღნიშნულია, რომ ქართველი მილიარდერი კლუბის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.

გავრცელდა ლომთაძის მიმართვაც, რომელშიც ახალმა მფლობელმა განაცხადა, რომ ის კლუბზე, მის გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებზე დიდ პასუხისმგებლობას აიღებს. „ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებას როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის მშენებლობით“, – განაცხადა მილიარდერმა.

ცნობისთვის, Wycombe Wanderers-ი სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, ბუკინგემშირში 1887 წელს დაფუძნდა.

რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, რომელიც მიმდინარე წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის აქციების 22.6%-ს ფლობს, Forbes-ის შეფასებით, ის საქართველოს უმდიდრესი ადამიანია. ამერიკული გამოცემის ცნობით, მისი ქონება მოცემული დროისთვის 5.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.