ყაზახეთში დაფუძნებული ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ი, რომლის უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერი და აღმასრულებელი დირექტორი ქართველი მიხეილ ლომთაძეა 24.55%-იანი წილით, აშშ-ში აქციების პირველადი განთავსებისთვის (IPO) ემზადება.
ამით Kaspi.kz უერთდება იმ ძვირად ღირებულ კომპანიებს, რომლებიც საჯაროები 2024 წლიდან გახდებიან, მათ შორისაა Reddit-ი, Rubrik-ი და ServiceTitan-ი.
„გვჯერა, რომ აშშ-ში დალისტვით Kaspi.kz-ის ინვესტორთა ბაზა უფრო დიდი და მრავალფეროვანი გახდება“, – ამბობს თანადამფუძნებელი მიხეილ ლომთაძე.
კომპანიის აქციები უკვე განთავსებულია ლონდონისა და ყაზახეთის საფონდო ბირჟებზე. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთი აქციის ღირებულება 92 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კომპანიის მოგებამ 232.5 მლნ ყაზახური ტენგე ($512 მლნ) შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 40%-ით მეტია. 51%-ით, 508.4 მლნ-მდე გაიზარდა შემოსავალიც.
საერთო ჯამში, კომპანიის წამყვანი აქციონერების განაწილება ასეთია: მიხეილ ლომთაძე – 24.55%, ვიაჩესლავ კიმი – 23.55%, Baring Bostok Funds-ი – 28.8%. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 13.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ ლომთაძის ქონებას Forbes-ი $4.5 მილიარდად აფასებს.
Kaspi.kz-ი ცენტრალური აზიის ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ-კომპანიად მიიჩნევა – 2023 წელს რუსეთის მეზობელი ქვეყნების ბანკებს შორის Kaspi.kz სანდოობის კუთხით მეოთხე ადგილს იკავებს. ის აერთიანებს როგორც საბანკო სერვისებს, ასევე P2P-გადარიცხვებს, ონლაინმაღაზიასა და მიტანის სერვისს.
ცნობისთვის, აქციების პირველადი განთავსება (ინგლისურად Initial Public Offering) არის კომპანიის მიერ აქციების პირველი საჯაროდ გაყიდვა. კომპანია აქციებს კაპიტალის გაზრდის მიზნით ყიდის. კაპიტალის ზრდა კი კომპანიის საქმიანობის გაფართოებას უწყობს ხელს. IPO-ს შემდეგ კომპანიას საჯარო კომპანიად მოიხსენიებენ.
კერძოდან საჯარო კომპანიად გადაქცევის პროცესი უმნიშვნელოვანესი ეტაპია კომპანიის განვითარებაში და პირვანდელი ინვესტორების (რომლებსაც წილი IPO-მდე ჰქონდათ) აქტივების ზრდაში. აქციები საფონდო ბირჟაზე იყიდება და თუ IPO წარმატებით განხორციელდა, კომპანიის კაპიტალი მნიშვნელოვნად იზრდება და კომპანიას საბაზრო ფასი ედება, რასაც საბაზრო კაპიტალიზაციას უწოდებენ.