OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა, AMD-სთან პარტნიორობის გაფორმების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მსოფლიოს გაცილებით მეტი გამოთვლითი ტექნოლოგია სჭირდება“. მიმდინარე წელი ამ მხრივ უკვე საკმარისად დატვირთული გამოდგა. OpenAI-მ, Oracle-მა, Nvidia-მ, AMD-მ და სხვა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა მილიარდობით დოლარის ღირებულების გარიგებების შესახებ განაცხადეს, მათ შორის იყო Nvidia, რომელიც OpenAI-ში $100 მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს და ტრამპის ინიციირებული Stargate-ის $500-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც OpenAI, Oracle-ი და SoftBank-ი, ერთობლივად, ახალ მონაცემთა ცენტრებს შექმნიან.
აღნიშნული გარიგებებისა და ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით კი, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, რომლებიც ამ კომპანიების უკან დგანან, მნიშვნელოვანი მოგება ნახეს. ამერიკულმა Forbes-მა ჯამში ოცი მილიარდერი გამოავლინა, რომელთა ქონებაც, ამ წლის იანვრის შემდეგ, AI-ინფრასტრუქტურის გარიგებებიდან ყველაზე მეტად გაიზარდა. Forbes-ის გამოთვლებით, ამ პირთა კოლექტიური ქონება, მხოლოდ მიმდინარე წელს, $450 მილიარდზე მეტით გაიზარდა.
2025 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ყველაზე დიდი მოგება Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა მიიღო. ძირითადად ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ღირებულების 73%-იანი ზრდის გავლენით, ელისონის ქონებას თითქმის $140 მილიარდი შეემატა.
საინტერესოა, რომ გასულ თვეში ელისონის ქონება მხოლოდ ერთ დღეში $110 მილიარდით გაიზარდა. აღნიშნული მატება Oracle-ის აქციების ერთდღიან, 41%-იან ზრდას უკავშირდება, რითაც მან ახალი რეკორდული მაქსიმუმი დააფიქსირა. აქციების ფასის მკვეთრ გაძვირებას ანალიტიკოსები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის – Oracle-ის მიერ გამოქვეყნებულ, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შემოსავლების შეფასებებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრა კაცმა განაცხადა, რომ წელს შემოსავლები 18 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდება.
თუმცა ელისონი რეიტინგში ერთადერთია, რომლის ქონების ზრდამაც წელს $100-მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. სიაში მეორე და მესამე პოზიციაზე Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი და Nvidia-ს დამფუძნებელი იენსენ ჰუანგი არიან წარმოდგენილნი. მაგრამ მათი სიმდიდრის ზრდა, შესაბამისად, $47.6 მილიარდითა და $47 მილიარდით, Oracle-ის დამფუძნებელთან შედარებით უმნიშვნელოა. ცნობისთვის, ჰუანგის წლევანდელი მოგება ჩიპების მწარმოებლის აქციების ღირებულების 40%-ით ზრდას უკავშირდება.
პროცენტული მაჩვენებლით ყველაზე დიდი მოგება ღრუბლოვანი გამოთვლითი კომპანიის, CoreWeave-ის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს. CoreWeave-ის აქციების ღირებულება მარტის IPO-ს შემდეგ 250%-ით გაიზარდა, რაც თითქმის სამჯერ აღემატება კომპანიის ოთხი მილიარდერი თანადამფუძნებლის (მაიკ ინტრატორი, ბრაიან ვენტურო, ბრანინ მაკბი და პიტერ სალანკი) და ადრეული ინვესტორი ჯეკ კოგენის ქონების წმინდა ღირებულებას.
მნიშვნელოვანი მოგება ნახეს იაპონური SoftBank-ის დაფუძნებელმა მასაიოში სონმა და რუსული საძიებო ქსელის, Yandex-ის დამფუძნებელმა არკადი ვოლოჟმა. მათი სიმდიდრის წმინდა ღირებულება წელს, შესაბამისად, 142%-ითა და 166%-ით გაიზარდა. SoftBank-ი ტრამპის მიერ გამოცხადებულ Stargate-ის პროექტშია ჩართული, ხოლო ვოლოჟის Nebius-ი ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებს აშენებს და Microsoft-ის მსგავს კომპანიებზე გრაფიკულ პროცესორებს აქირავებს. მიმდინარე წელს Nebius-ის აქციების ღირებულება 340%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ვოლოჟმა, ამჟამად უკვე $1.5 მილიარდის ქონებით, მილიარდერთა რიგებში გადაინაცვლა.
წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომელთა ქონებაც მიმდინარე წელს AI-გარიგებების გავლენით ყველაზე მეტად გაიზარდა:
მილიარდერი | კომპანია | ქონება 12/31/2024 | ქონება 10/07/2025 | პროცენტული ცვლილება | ცვლილება თანხაში |
---|---|---|---|---|---|
ლარი ელისონი | Oracle | $209.7 მლრდ | $349.4 მლრდ | 66.6% | $139.7 მლრდ |
ლარი პეიჯი | $156 | $203.6 მლრდ | 30.5% | $47.6 მლრდ | |
ჯენსენ ჰუანგი | Nvidia | $117.3 მლრდ | $164.2 მლრდ | 40.04% | $47 |
მარკ ცუკერბერგი | Meta | $202.5 მლრდ | $245.9 მლრდ | 21.45% | $43.4 მლრდ |
სერგეი ბრინი | $149 | $188.9 მლრდ | 26.8% | $39.9 მლრდ | |
მასაიოში სონი | SoftBank | $30.7 მლრდ | $74.2 მლრდ | 142.01% | $43.5 მლრდ |
სტივ ბალმერი | Microsoft | $124.3 მლრდ | $157.7 მლრდ | 26.84% | $33.4 მლრდ |
მაიკლ დელი | Dell, Broadcom | $115.7 მლრდ | $150.7 მლრდ | 30.22% | $35 |
ჰენრი სამუელი | Broadcom | $22.9 მლრდ | $31.7 მლრდ | 38.19% | $8.8 მლრდ |
არკადი ვოლოჟი | Nebius | $1.5 მლრდ | $4.1 მლრდ | 166.23% | $2.6 მლრდ |
ტენჩ კოქსი | Nvidia | $6 | $8.1 მლრდ | 36.13% | $2.2 მლრდ |
ლიზა სუ | AMD | $0.9 მლრდ | $1.5 მლრდ | 59.57% | $0.6 მლრდ |
საფრა კაცი | Oracle | $2.1 მლრდ | $3.3 მლრდ | 57.14% | $1.2 მლრდ |
ჰერვი ჯოუნსი | Nvidia | $1.4 მლრდ | $1.8 მლრდ | 30.43% | $0.4 მლრდ |
მაიკლ ინტრეიტორი | CoreWeave | $2.7 მლრდ | $9.1 მლრდ | 237.04% | $6.4 მლრდ |
ბრაიან ვენტურო | CoreWeave | $1.7 მლრდ | $5.7 მლრდ | 235.29% | $4 |
ბრანინ მაკბი | CoreWeave | $1.3 მლრდ | $4.2 მლრდ | 223.08% | $2.9 მლრდ |
ჯეკ კოუჯენი | CoreWeave | $1 | $3.3 მლრდ | 230% | $2.3 მლრდ |
პიტერ სალანკი | CoreWeave | $0.4 მლრდ | $1.6 მლრდ | 300% | $1.2 მლრდ |
კოლიტ კრესი | Nvidia | $0.7 მლრდ | $1 | 42.86% | $0.3 მლრდ |