მილიარდერი იური მილნერი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

მილიარდერი იური მილნერი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ომის მიმდინარეობის ფონზე, პროტესტის ნიშნად, რუსეთში დაბადებული ებრაელი მეწარმე და ინვესტორი, იური მილნერი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარს ამბობს. მისი განცხადებით, მოქალაქეობის გაუქმების პროცესი ოფიციალურად დასრულებულია და შესაბამისი დოკუმენტაციაც მზადაა.

მილნერი Mail.ru ჯგუფის თანადამფუძნებელია, თუმცა მისი ქონების უდიდესი ნაწილი არა რუსეთის ფედერაციას, არამედ აშშ-ს, სილიკონის ველს უკავშირდება. ის ცნობილია სხვადასხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციებით, მათ შორის ყველაზე წარმატებული მაგალითი კი Facebook-ს, Twitter-ს, Snapchat-სა და Airbnb-ს უკავშირდება.

Forbes-ის შეფასებით, მილნერის ქონება 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის რუსეთის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო.

აღსანიშნავია, რომ მილნერს ისრაელის მოქალაქეობაც აქვს, 2014 წლიდან კი ის აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობს, სადაც მისი საინვესტიციო ფონდი DST Global-ი და ბიზნესია.

„მე და ჩემმა ოჯახმა რუსეთი სამუდამოდ 2014 წელს, ყირიმის ანექსიის საპასუხოდ დავტოვეთ“, – აცხადებს მილნერი.

ცნობისთვის, ომით დაზარალებული უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აპრილში მილნერის ფონდმა 100 მილიონი დოლარი გამოყო. გარდა ამისა, მისი ინიციატივით დაიწყო საქველმოქმედო კამპანია Tech for Refugees, რომელშიც მონაწილეობა თავად მილნერის ოჯახის გარდა, ისეთმა მსხვილმა გლობალურმა კომპანიებმაც მიიღეს, როგორიცაა: Spotify, Airbnb და Flexprot.

„განადგურებულნი ვართ უკრაინელების ტანჯვით. ვფიქრობთ, რომ ამ ინიციატივას შეუძლია უკრაინელ ხალხს დახმარება გაუწიოს. მამაჩემის ოჯახი წარმოშობით უკრაინელია და ბავშვობაშიც მრავალი წელი გავატარე იქ. ახლა ჩვენი მოვალეობა ლტოლვების გადაუდებელ საჭიროებებზე დაუყოვნებლივი რეაგირებაა“, – ამბობდა მილიარდერი მეწარმე და ინვესტორი.