მილიარდერი ჯარედ აიზეკმენი NASA-ს ახალ დირექტორად დაინიშნა

მილიარდერი ჯარედ აიზეკმენი NASA-ს ახალ დირექტორად დაინიშნა

ამერიკელი მილიარდერი ჯარედ აიზეკმენი აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს, NASA-ს ახალ დირექტორად დაინიშნა. აიზეკმანი, რომლის კანდიდატურაც ვაკანტურ პოსტზე პრეზიდენტმა ტრამპმა ერთი წლის განმავლობაში ორჯერ წარადგინა, ციფრული გადახდების კომპანია Shift4 Payments-ის დამფუძნებელია.

კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე აიზეკმანის დანიშვნა ოთხშაბათს, სენატში მოსმენის შემდეგ დადასტურდა. გამოსვლისას, 42 წლის მილიარდერმა ყურადღება NASA-ს ასტრონავტების მთვარეზე დაბრუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

აიზეკმანმა კარიერა 1999 წელს, ციფრული გადახდების კომპანია Shift4 Payments-ის დაარსებით დაიწყო. 2012 წელს კი აერონავტიკისა და თავდაცვის კომპანია Draken International-ი წარადგინა. ამერიკული Forbes-ი მის ქონებას $1.2 მილიარდად აფასებს.

ცნობისთვის, აიზეკმანს მჭიდრო კავშირი აქვს ილონ მასკთან. მათ შორის, მონაწილეობდა SpaceX-ის ორ კოსმოსურ მისიაშიც. NASA-ს ხელმძღვანელის თანამდებობაზე აიზეკმანი სწორედ მასკის მიერ რეკომენდებული კანდიდატი იყო, თუმცა მაისში ტრამპმა მისი კანდიდატურა უკან გაიწვია, რაც დაუდასტურებელი ცნობებით, მასსა და DOGE-ის ყოფილ ხელმძღვანელს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზადაც იქცა.

თავდაპირველად, ტრამპმა NASA-ს დირექტორის პოზიციაზე აიზეკმანის კანდიდატურა გასულ წელს წარადგინა, თუმცა მაისში გადაწყვეტილება გააუქმა. გასულ თვეში მან მილიარდერი ხელახლა წარადგინა. ტრამპმა მაისში აიზეკმანის კანდიდატურის მოულოდნელად მოხსნის მიზეზად „საფუძვლიანი განხილვა“ დაასახელა. შედეგად, NASA თითქმის უკვე ერთი წელია, მთავარი ადმინისტრატორის გარეშეა.