მილიარდერმა პროფესორმა, ტიმ სპრინგერმა ბიოსამედიცინო კვლევების ორგანიზაციას $210 მილიონი შესწირა

მილიარდერმა პროფესორმა, ტიმ სპრინგერმა ბიოსამედიცინო კვლევების ორგანიზაციას $210 მილიონი შესწირა

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა და ანტრეპრენიორმა, ტიმ სპრინგერმა, რომელიც ფარმაცევტულ კომპანია Moderna-ში ჩადებული ინვესტიციის წყალობით მილიარდერი გახდა, Institute for Protein Innovation-ს 210 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. ცნობისთვის, IPI ბოსტონში დაფუძნებული არაკომერციული კვლევით ორგანიზაციაა, რომელიც ცილების სამეცნიერო შესწავლაზეა ორიენტირებული.

ინსტიტუტმა დონაციის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გაავრცელა, თუმცა, როგორც ირკვევა, შემოწირულება სპრინგერმა, მისმა მეუღლემ და შვილებმა 2020 წლის დეკემბერში გააკეთეს.

75 წლის სპრინგერი იმუნოლოგია, რომელიც ჰარვარდში 46 წელია მუშაობს. ის ბიოქიმიისა და მოლეკულური ფარმაკოლოგიის მიმართულების პროფესორია. ამერიკული Forbes-ის შეფასებით, სპრინგერის ქონება მოცემული დროისთვის $1.9 მილიარდს შეადგენს. მან IPI თანამოაზრეებთან ერთად 2017 წელს დააფუძნა და აქამდე ინსტიტუტს 40 მილიონი აშშ დოლარი შესწირა.

„ცილები სიცოცხლის მანქანებია და ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ანტისხეულები გვაძლევენ საოცარ საშუალებებს სიცოცხლის მანქანების გამოსაცდელად“, – განაცხადა სპრინგერმა Forbes-სთან საუბრისას.

სპრინგერის თქმით, შემოწირულება ხელს შეუწყობს ინსტიტუტის მასშტაბირებას, ახალი ტექნოლოგიების შემოტანას და უფრო მაღალი დონის პროფესიონალების დაქირავებას. მისი თქმით, დონაცია გაკეთდა სხვადასხვა ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში, მათ შორის Moderna-ში, მის მფლობელობაში არსებული აქციების ჩუქების გზით.

აღსანიშნავია, რომ ტიმ სპრინგერი Moderna-ს ინვესტორი 5 მილიონი აშშ დოლარით გახდა. როდესაც კომპანია 2018 წლის დეკემბერში საჯაროდ იქცა, ის Moderna-ს აქციების 5%-ზე მეტს ფლობდა. Moderna-ში ინვესტირებისთვის სპრინგერმა ფინანსური სახსრები ადრეული სამეწარმეო საქმიანობიდან გამოიყენა. მან 1993 წელს ბიოტექნოლოგიური ფირმა LeukoSite-ი დააარსა, 1998 წელს კი საჯარო კომპანიად აქცია. მომდევნო წელს სპრინგერმა LeukoSite-ი Millenium Pharmaceuticals-ს 635 მილიონ აშშ დოლარად მიჰყიდა. მან გარიგებიდან Millenium-ის დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის აქცია მიიღო.

რაც შეეხება კვლევით ინსტიტუტს, სპრინგერმა მისი დაფუძნება კემბრიჯის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტურის შემდეგ, არგენტინელ ბიოქიმიკოს სეზარ მილშტეინთან ერთად გადაწყვიტა, რომელმაც ნობელის პრემია ანტისხეულების ტექნოლოგიაზე მუშაობისთვის მიიღო.